მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პიმენ სალოსი, ლეკთა განმანათლებელი და თანამოღვაწე მისი ანტონი მესხი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პიმენ სალოსი, ლეკთა განმანათლებელი და თანამოღვაწე მისი ანტონი მესხი, მეფეთა მამხილებელი(XIII). მონღოლთა შემოსევის შემდეგ საქართველოს ეკლესიამ ქვეყნის ბედი გაიზიარა. დაეცა, განადგურდა, დაბეჩავდა ქართველი ერი, იძალა ურწმუნოებამ, თუმცა ღვთის ნებით, მონღოლთა თარეშის დროს ბევრი ქართველი აღესრულა მოწამებრივი სიკვდილით.

იყვნენ ღვთისა და ერის წინაშე თავდადებულნი, რომელნიც ყოველნაირად ცდილობდნენ ხალხის ქრისტესკენ შემობრუნებას. ამ დროს გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდა ბერი პიმენი, წარმოშობით კახელი, „კეთილშობილთაგანი... მიიღო სიბრძნე ხედვითი და ღვთისმეტყველებითი და იქმნა ქრისტესათვის სალოს, ესე იყო ფრიად მამხილებელი უსამართლობასა და უწესობასა ზედა მეფეთა და მთავართა არათუ სიტყვით, არამედ წერილებითაცა“. მას გვერდით ედგა ბერი ანტონი მესხი, „მოღვაწე და მმარხველობითა სრული, მას სახელ-სდევს ქართველთა მზედ“. საღვთო მადლით გაბრწყინებულმა ბერებმა კარგად იცოდნენ, თუ მეფე შეინანებდა, შეინანებდა ხალხიც, და ამიტომ მათ ხალხზე ზრუნვა მეფის მხილებით დაიწყეს. „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ წმიდა ბერები ამხელდნენ „მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარაი ისმინეს“.

ბერებმა სალოსობის, მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატეს. ლეკეთში გადადიოდნენ და იქ ქადაგებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმიდა პიმენმა „ნათესავი ლეკთა წარმართობისგან მოაქცია, რომელნი ჰგვიან სარწმუნოებასა ქრისტესა“.

ღვთის ნებითა და წმიდათა ლოცვით აღსრულდა წმიდა პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის დიდი სურვილი - მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე. ერი ფეხზე წამოდგა, მისთვის თავდადებული ბერები წმიდათა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა 16 მარტს.