| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ამბროსი აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ამბროსი აღმსარებელი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ კი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1885 წელს. იგი უაღრესად მოყვარე იყო თავისი სამშობლო ქვეყნის, ქართველი ერის, ქართული მწერლობისა და საქართველოს ისტორიისა. წმიდა ამბროსი დიაკვნად აკურთხა სოხუმის ეპისკოპოსმა. მალე მღვდლად დაასხეს ხელი. ის რვა წელი მოძღვრობდა სოხუმში, სკოლებში ასწავლიდა ქართულ ენას, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1896 წელს დაქვრივდა. 1897 წელს შევიდა ყაზანის სასულიერო აკადემიაში. მისი ნაცნობები იგონებენ, რომ ის იყო ნიჭიერი, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო და ერთგული ადამიანი. ყაზანში ყოფნისას თვალყურს ადევნებდა საქართველოს ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებას, ქართველთა ბრძოლას ეროვნული თვითგამორკვევისათვის; ჩვენი ისტორიის პირველწყაროებზე მუშაობდა და მომზადებული ჰქონდა რამდენიმე ისტორიული თუ სხვა ხასიათის ნარკვევი. მისმა საკანდიდატო დისერტაციამ „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“ ისეთი ყურადღება მიიპყრო, რომ პროფესორს უთხოვია, შეევსო ზოგიერთი თავი და წარედგინა მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. წმიდა ამბროსიმ 1901 წელს სწავლა დაამთავრა, იმავე წელს ბერად აღიკვეცა და საქართველოში დაბრუნდა. საქართველოში დაბრუნებული ღირსი მამა, ერის სხვა საუკეთესო შვილებთან ერთად დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, რის გამო, 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს. სამშობლოში კვლავ დაბრუნების შემდეგ მას ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობა დაევალა. ჭელიშის მონასტერი თავის დროზე მთელი რაჭის საღმრთო სწავლა-განათლების კერა იყო, მაგრამ გავიდა ჟამი და მონასტერს შემოაკლდა მოწაფეები, შემდეგ კი თანდათან გაუდაბურდა. მამა ამბროსიმ იმერეთის ეპისკოპოსის, ლეონიდეს ნებართვით, მონასტერში დაიწყო სემინარიელების მომზადება. ისწავლებოდა გალობა, საღმრთო წერილის კითხვა. მამა ამბროსიმ ბევრი იღვაწა ოდესღაც უმდიდრესი ჭელიშური ხელნაწერების მოსაძიებლად და აღსადგენად. ერთხელ ეკლესიის ეზოში არგნით გამოსული წინამძღვრის ყურადღება მიიპყრო ყრუ ხმამ, რომელიც მიწის სიღრმიდან ამოდიოდა. გაათხრევინა ის ადგილი და უძველესი სახარება აღმოაჩინა. შემდეგ მუშაობდა თბილისში სინოდალური კანტორის წევრად, მოკლე ხანში კი ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1908 წელს მამა ამბროსის საშინელი ცილი დასწამეს: ბრალად დასდეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა და რუსეთში გადაასახლეს. მას მღვდელმსახურება აუკრძალეს და გაგზავნეს რიაზანის სამების მონასტერში, სადაც ერთ წელზე მეტი სასტიკი რეჟიმის ქვეშ გაატარა. სრულიად რუსეთის წმიდა სინოდი უგულებელყოფდა არქიმანდრიტის ყოველ თხოვნას სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ბოლოს, 1917 წელს წმიდა ამბროსი დაბრუნდა საქართველოში და კვლავ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა. 1917 წელს რუსეთში მომხდარმა გლობალურმა ცვლილებებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა. 1917 წლის 1-ლ მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 16 მარტს თბილისში შედგა სასულიერო მოღვაწეთა კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. წმიდა ამბროსი ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი აფხაზეთის მიტროპოლიტად გაამწესეს. 1921 წელს იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს კვლავ დაედგა მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი. საბჭოთა ხელისუფლებამ ჩვენს სამშობლოში ფეხის შემოდგმისთანავე დაიწყო სარწმუნოების დევნა. მთავრობა ცეცხლითა და მახვილით მოედო ეკლესიებს, დაანგრია და გააუქმა 1200 ტაძარი, დაატუსაღა და დახვრიტა მრავალი სასულიერო მოღვაწე. ერის სულიერმა მამამ და მწყემსმა 1922 წლის 7 თებერვალს გენუის კონფერენციის წარმომადგენლებს გაუგზავნა მემორანდუმი, რომლის თითოეული სიტყვა არა მხოლოდ სამშობლოს სიყვარულითა და ჭირისუფლობით არის განმსჭვალული, არამედ მასში წინასწარმეტყველურად არის დანახული ქრისტიანული სათნოების გარეშე დარჩენილი ერისა და სახელმწიფოს ბედი, მისი უნუგეშო მომავალი. ოციანი წლების კომუნისტური დესპოტიზმის ხანიდან მოკიდებული, როცა ჭეშმარიტების ნიღბით სიცრუე და ბოროტება ჭეშმარიტებას, სიმართლესა და უმაღლეს სათნოებებს დევნიდა, სიმართლის დაცვა ხშირად საკუთარ სიცოცხლეზე უარის თქმას ან თავისუფლების დაკარგვას ნიშნავდა. გენუის კონფერენციაზე მემორანდუმის გაგზავნა უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ ფაქტს მთავრობა გულხელდაკრეფილი არ შეხვედრია და მალე წმიდა ამბროსი დააპატიმრეს. სასამართლო პროცესზე პატრიარქტან ერთად საკათოლიკოსო საბჭოს წევრებიც განისჯებოდნენ. მათ ბრალად დასდეს: გენუის კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, საქართველოს ეკლესია-მონასტრების საგანძურის გადამალვა, სამხედრო ტაძრის კომკავშირისათვის გადაცემისა და სატრაპეზოს დაშლის პროცედურაში საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა. სამსჯავროზე წმიდა ამბროსის სიტყვები და მხილება ყველას მოაგონებდა ძველ ქრისტიანთა თავდადებასა და შემართებას. ის თამამად ამხელდა მთავრობას ბოროტებაში, უსამართლობაში, მკრეხელობაში. ერთ-ერთ დაკითხვაზე პატრიარქმა თქვა: „სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება, დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება, გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებული ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისი საზოგადო კანონებიდან“. სასამართლო პროცესის ბოლოს, ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში წმიდა ამბროსიმ ჯალათებს უთხრა: „სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით“. სასამართლომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 7 წლით, 9 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამნისტიით ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს სასჯელი მოუხსნეს, მაგრამ უკვე ხანშიშესულ და ჯანგატეხილ ერის მამას დიდხანს აღარ უცოცხლია: 1927 წელს იგი გარდაიცვალა. 1994 წელს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე განიხილეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას ცხოვრება. ერისა და ეკლესიის წინაშე დამსახურებისათვის იგი შერაცხილ იქნა წმიდათა დასში ამბროსი აღმსარებლის სახელით, იქვე წარმოადგინეს მისი ხატი და ხსენების დღედ 16 (29) მარტი განამწესეს. |