მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსისა ბენედიქტე ნურსიელ იღუმენისა (543)
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ბენედიქტე ნურსიელი დასავლური ბენედიქტიანელთა მონაზვნური ორდენის დამაარსებელი, იტალიის ქალაქ ნურსიაში დაიბადა 480 წელს, 14 წლის ყმაწვილი მშობლებმა რომში გაგზავნეს სასწავლებლად, მაგრამ ირგვლივ არსებული უზნეობით შეწუხებულმა გადაწყვიტა ცხოვრების სხვა გზა აერჩია. თავიდან წმიდა ბენედიქტე მივიდა წმიდა პეტრე მოციქულის სახელობის ტაძარში, სოფელ ეფედში, შემდეგ კი მთებში გაიხიზნა. აქ ის შეხვდა განდეგილ რომანოზს, რომელმაც ბერად აღკვეცა იგი და აჩვენა გამოქვაბული, სადაც უნდა ეცხოვრა. დროდადრო განდეგილს საზრდელი მიჰქონდა ბერისათვის. წმიდა ბენედიქტემ სამი წელი ცდუნებებთან სასტიკ ბრძოლაში გაატარა და სძლია მათ. მალე მის ირგვლივ შეიკრიბნენ ადამიანები, რომელთაც უნდოდათ მისი ხელმძღვანელობით ეცხოვრათ უდაბნოში. მოწაფეთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ წმიდა ბენედიქტემ ისინი 12 საძმოდ დაჰყო და იღუმენებიც დაუნიშნა. თითოეულ საძმოში 12 ბერი იყო.

წმიდა ბენედიქტეს მიერ დადგენილი მკაცრი წესები ყველას არ მოსწონდა და ღირსი მამაც ხშირად ხდებოდა საგანი უსაფუძვლო მითქმა-მოთქმისა და დევნის.

ბოლოს ის დასახლდა კამპანიაში კასინოს მთაზე დააარსა მონტე-კასინოს მონასტერი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დასავლეთის ეკლესიის საღვთისმეტყველო განათლების ცენტრი იყო. ამ სავანეში წმიდა ბენედიქტემ აღმოსავლეთის მეუდაბნოეთა ცხოვრებებისა და იოანე-კასიანე რომაელის (ხს. 29 თებერვალს) კანონების მიხედვით, შეადგინა სამონასტრო ტიპიკონი, რომელიც შემდეგ მრავალმა დასავლურმა ეკლესიამ მიიღო. კანონი მოითხოვდა მონაზვნებისაგან საკუთარი თავის აბსოლუტურ უარყოფას, უსიტყვო მორჩილებასა და მუდმივ შრომას. უფროს ბერებს დამატებით ევალებოდათ ყრმათა აღზრდა და ძველ ხელნაწერთა გადაწერა, რამაც ქრისტიანობის პირველი საუკუნეების მრავალი ძვირფასი ძეგლი შემოგვინახა. თითოეული ახალმოსული მთელი წელი მორჩილებაში იყო, რათა ტიპიკონი ესწავლა და მონასტრულ ცხოვრებას შეჩვეოდა. ყოველი საქმე კურთხევით უნდა შესრულებულიყო. მონასტრის თავი იყო იღუმენი, რომელიც შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა. იღუმენი ითვალისწინებდა უფროს და გამოცდილ ძმათა რჩევებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა. ტიპიკონის დაცვა აუცილებელი იყო ყველასათვის.

უფალს სათნო ეყო წმიდა ბენედიქტეს ღვაწლი და წინასწარხედვისა და სასწაულქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მან თავისი სიკვდილიც (543) წინასწარ განჭვრიტა.