| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ანინე ხუცესი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ანინე ხუცესი დაიბადა ქალკედონში, ქრისტიანულ ოჯახში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ 15 წლის ანინემ დატოვა ოჯახი, მონასტერში დასახლდა და ბერად აღიკვეცა. სრული განმარტოების მიზნით ის უდაბნოში წავიდა, იქ სადაც ევფრატი სირიას ყოფს სპარსეთისაგან. უდაბნოში ანინე შეხვდა ბერ მაიუმს. ორივე მოღვაწე ძალზე მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა. მთელი დიდმარხვის განმავლობაში არაფერს ჭამდნენ. წმიდა ანინეს ყოველდღე შორიდან მოჰქონდა სასმელი წყალი. ერთხელ ის დროზე ადრე დაბრუნდა სავსე ჭურჭლით, რადგან ანგელოზმა სასწაულებრივ გაუვსო დოქები. ბერი მაიუმი მიხვდა, რომ მისმა მოწაფემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სთხოვა, მისი მოძღვარი გამხდარიყო. ანინემ სიმდაბლის გამო უარი განაცხადა. ამის შემდეგ, ბერი მაიუმი მონასტერში დაბრუნდა, ანინე კი უდაბნოში დარჩა. მოუკლებელი ლოცვისა და მუდმივი შრომისათვის ანინე უფლისაგან კურნებისა და წინასწარხედვის ნიჭით დაჯილდოვდა. მას ორი ლომი ემსახურებოდა და მუდამ თან დაჰყვებოდა. ანინეს სასწაულების ამბავი გახმიანდა. მასთან მიდიოდნენ ავადმყოფები და ბოროტი სულით შეპყრობილები. რამდენიმე ქრისტიანი უდაბნოში დარჩა და დაემოწაფა წმიდანს. ერთხელ ანინესთან წყურვილით გათანგული ადამიანები მივიდნენ და წყალი სთხოვეს. ღვთის ნებას მინდობილმა ანინემ ერთ-ერთი მოწაფე დამშრალი ჭისკენ გაგზავნა. ჭა სასწაულებრივად პირამდე აივსო და რამდენიმე დღე ეყო ანინესა და მის მოწაფეებს. როცა ჭა დაცარიელდა, ანინემ ვერ გაბედა კვლავ ეთხოვა უფლისთვის სასწაული, და ღამღამობით დაიწყო ევფრატიდან წყლის ზიდვა. ნეოკესარიის ეპისკოპოსი პატრიკიოსი ხშირად ნახულობდა ღირს მამას და პრესვიტერადაც დაასხა ხელი. როცა გაიგო ანინეს ღვაწლის შესახებ, ორჯერ აჩუქა მას ვირები წყლის მოსატანად, მაგრამ ღირსმა მამამ ისინი ღარიბებს დაურიგა. მაშინ ეპისკოპოსმა ბრძანა, გაეთხარათ დიდი ჭა და დროდადრო შეევსოთ წყლით. წმიდა ანინემ ღვთიური გამოცხადებით შეიტყო, რომ შორს მოღვაწე ვინმე მესვეტე ბერს უნდოდა სვეტიდან ჩამოსვლა და სასამართლოზე დასმენა ავაზაკისა, რომელმაც ის ქვით დაასახიჩრა. ღირსმა მამამ წერილი მისწერა მესვეტეს, და ურჩია, გადაეფიქრებინა თავისი განზრახვა. ერთხელ კეთილმსახური ქალი დაავადდა და ღირს ანინესთან წავიდა დახმარების სათხოვნელად. გზაში ავაზაკი შეხვდა და რაკი ფული ვერ აღმოუჩინა, გადაწყვიტა ძალა ეხმარა მის მიმართ. ქალმა მეოხად წმიდა ანინეს უხმო. „წმიდაო ანინე, შემეწიე მე!“. ავაზაკს შიშის ზარი დაეცა და გაიქცა. ქალმა ღირს მამას მოუთხრო ყოველივე და კურნებაც მიიღო. მონანული ავაზაკიც მივიდა წმიდა ანინესთან, მოინათლა და ბერად აღიკვეცა. 110 წლის ასაკში წმიდა ანინემ თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა და მემკვიდრე იღუმენიც აირჩია. სიკვდილის წინ წმიდანი ხილვაში გამოცხადებულ მოსეს და აარონს ესაუბრებოდა, შემდეგ კი მიისვენა სიტყვებით: „უფალო, მიიღე სული ჩემი“. |