მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი-რომის პაპი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი-რომის პაპი დაიბადა რომში, დაახ.540 წელს. პაპი ფელიქს მე-4 (526-530) მისი ბაბუა იყო. გრიგოლის დედა, სილვია და დიდედები-ტარსილა და ემილიანა რომის ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხილნი.

გრიგოლმა ბრწყივნვალე განათლება მიიღო და მაღალ სახელმწიფო თანამდებობას მიაღწია. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება 6 მონასტრის მოწყობას მოახმარა. რომში ანდრია პირველწოდებულის მონასტერი დააარსა და ბერად აღიკვეცა. პაპ პელაგიუს მე-2-ის(579-590) დავალებით წმიდა გრიგოლი დიდხანს ცხოვრობდა ბიზანტიაში. აქ დაწერა მან „იობუის წიგნის თარგმანება“ . პელაგიუსის გარდაცვალების შემდეგ რომის კათედრაზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს. 7 თვის განმავლობაში უარობდა იგი ამ მაღალ პატივს, მაგრამ ბოლოს საეკლესიო კრებულისა და სამწყსოს დაჟინებულმა თხოვნამ აიძულა, თანხმობა განეცხადებინა.

წმიდა გრიგოლი ბრძნულად განაგებდა ეკლესიას. მან ლათინურ ენაზე შეადგინა პირველშეწირული ლიტურგიის ტიპიკონი, რომელიც მანამდე მხოლოდ ზეპირი გადმოცემით იყო ცნობილი. წმიდა გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა დონატელთა ერესს, ქრისტეს სჯულზე მოაქცია ბრიტანეთში მცხოვრები წარმართები და არიოზის მიმდევრები.

წმიდა გრიგოლის კალამს ეკუთვნის „საუბრები ანუ დიალოგები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულებზე“, რისთვისაც „დიოლოღოსი“ უწოდეს. წმიდა გრიგოლის თხზულებათაგან განსაკუთრებით ცნობილია „სამოძღვრო კანონი“, სადაც იგი ყოველმხრივ განიხილავს ჭეშმარიტი მოძღვრის სახეს. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე წმიდა მამის წერილებმა.

 წმიდა გრიგოლი რომის ეკლესიას ხელმძღვანელობდა 13 წლის განმავლობაში, გარდაიცვალა 604 წელს. მისი წმიდა ნაწილები განისვენებს ვატიკანში, წმიდა პეტრეს ტაძარში.