მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა კოდრატე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა კოდრატე წარჩინებულთა ოჯახის შვილი იყო. ის მთელ ქონებას რწმენისათვის დევნილ და ტყვედქმნილ ქრისტიანებს ახმარდა.

როდესაც ნიკომიდიაში ჩავიდა იმპერატორის მოხელე, პროკონსული პერენიუსი, წმიდა კოდრატემ სხვათა გასამხნევებლად საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება და მდევნელის წინაშე წარსდგა. თავიდან პერენიუსი ჯილდოებითა და პატივით ცდილობდა კოდრატეს გულის მოგებას, მაგრამ როცა თავისი მცდელობის უსუსურობას მიხვდა, ბრძანა წმიდანი საპყრობილეში ჩაეგდოთ, ლურსმნებზე დაეწვინათ და გულზე ლოდი დაედოთ.

ნიკეაში მიმავალმა პროკონსულმა ყველა ქრისტიანი, მათ შორის წმიდა კოდრატეც, თან წაიყვანა. ქალაქში ჩასვლისთანავე წმიდანის თხოვნით ქრისტიანები წარმართულ ტაძარში მიიყვანეს. როგორც კი ბორკილები შეუხსნეს, წმიდა კოდრატემ კერპები დაამსხვრია. პროკონსულის ბრძანებით წმიდანი აწამეს. იგი მაინც მხნედ იყო და თავისი სიმტკიცით სხვა მოწამეებსაც ამხნევებდა.

წამების დროს მოწამეებს თავს ნათელი დაადგა, წარმართები კი ბნელში აღმოჩნდნენ. სამარისებურ სიჩუმეში ანგელოზების გალობა გაისმა. ამ სასწაულის მნახველმა მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე. პერენიუსის ბრძანებით ისინიც საპყრობილეში ჩაყარეს.

წმიდა კოდრატე შხამიანი გველებით სავსე ტომარაში ჩასვეს და ხრამში გადააგდეს. მეორე დილით, ყველას გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ მოწამე საღ-სალამათი იყო. სასწაულებრივად გადარჩენილი წმიდანი ისევ სასტიკად აწამეს. ორი კეთილშობილი მოქალაქე, სატორინე და რუფინე, სიბრალულით განიმსჭვალნენ კოდრატეს მიმართ. ეს პერენიუსმა შეამჩნია და ბრძანა, თავი მოეკვეთათ მათთვის.

პერენიუსი ახალ-ახალ სატანჯველებს იგონებდა კოდრატესათვის, მაგრამ მისი სულის გატეხვა ვერ მოახერხა. ბოლოს პროკონსულის ბრძანებით მას თავი მოჰკვეთეს.