მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე თეოდორიტე
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე თეოდორიტე ანტიოქიის საკათედრო ტაძრის ხუცესი იყო. ეს ტაძარი მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა(ხს. წ21 მაისს) და მისმა ვაჟმა კონსტანციუსმა ააგეს. კონსტანციუსის(337-361)გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა იულიანე განდგომილმა(361-363) გადაწყვიტა კერპთაყვანისცემის აღდგენა მთელი რომის იმპერიაში. იმპერატორმა ბრძანა დაეხურათ ქრისტიანული ტაძრები და საეკლესიო განძეულობა საიმპერატორო სალაროსათვის გადაეცათ. ანტიოქიის გამგებელმა იულიანემ აქტიურად მიჰყო ხელი ბრძანების შესრულებას და თავისი უღირსი საქმე საკათედრო საქმეებიდან დაიყწო. მისი ბრძანებით თეოდორიტე შეიპყრეს განძეულის გადამალვის ბრალდებით, მაგრამ წმიდა მამამ უარყო ეს ბრალდება და უშიშრად ამხილა იულიანე განდგომილობაში.

მიუხედავად მხეცური წამებისა, წმიდა მოწამე სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე იცავდა ქრისტეს სარწმუნოებას, იულიანეს და იმპერატორს კი მკრეხელობის გამო მოულოდნელი აღსასრული უწინასწარმეტყველა.

ხუცესის სიმტკიცითა და მოთმინებით გაოგნებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც ისინი ზღვაში დაახრჩვეს, წმიდა თეოდორიტეს კი თავი მოჰკვეთეს.(361-363).

სიწმიდეების შებილწვა და მკრეხელობა დაუსჯელი არ დარჩენილა. წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა-გამგებელი იულიანე მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა, იმპერატორი იულიანე კი სპარსელებთან ომში მოკლეს.

ღირს დომენტის, რომელსაც 8 მარტს  იხსენიებს წმიდა ეკლესია, აიგივებენ ღირსმოწამე დომენტი სპარსთან(იხ. 7 აგვისტოს საკითხავი).