| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ისიხიოს მმარხველი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ისიხიოს მმარხველი დაიბადა ბითვინიის ქალაქ ადრინიაში. ღვთისმოსაობაში აღზრდილმა ისიხიოსმა დატოვა სახლი და დაეყუდა მაიონისის მთის უდაბურ ადგილას. იქ მან მოიწყო სენაკი, გააშენა ბოსტანი და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ისიხიოსთან მოწაფეები მივიდნენ. ღირსმა მამამ ააშენა ეკლესია წმიდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის სახელზე. წმიდა ისიხიოსი სიცოცხლეშივე სასწაულქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მას ეშმაკეული გოგონა მიჰგვარეს. მშობლების თხოვნით ისიხიოსმა იგი განკურნა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დედათა სავანე დაარსდებოდა. მომავალში ეს წინასწარმეტყველება ახდა. გარდაცვალებამდე 30 დღით ადრე წმიდა ისიხიოსს ანგელოზმა აუწყა აღსასრულის მოახლოება. გარდაცვალების წინ მან დაიბარა მოწაფეები და დიდხანს არიგებდა. შუაღამისას სენაკი გაანათა ზეციურმა შუქმა და წმიდა ისიხიოსმა სული უფალს შეჰვედრა (დაახლ. 790). მისი მოღვაწეობის ადგილას დედათა მონასტერი აშენდა. ისიხიოსის წმიდა ნაწილები, რომლებიც დაფლული იყო წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, 792 წელს თეოფილაქტე ამასიელმა გადაასვენა ქალაქ ამასეაში (მცირე აზია). |