| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამენი, პავლე მისი და იულიანათი და მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატონიკე (273)
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი, პავლე მისი და იულიანათი და მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატონიკე (273). წმიდა მოწამენი, პავლე და იულიანა იმპერატორ ავრელიანეს დროს (270-274) აღესრულნენ ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდაში. ერთხელ ამ ქალაქში იმპერატორი ჩავიდა თავისი ამალით. დამხვდურთა შორის მყოფმა პავლემ პირჯვარი გადაისახა. კარისკაცებმა ის შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. პავლეს დამ, იულიანამ საჯაროდ ამხილა იმპერატორი უსამართლობასა და სისასტიკეში, რის შემდეგაც მანაც ძმის ხვედრი გაიზიარა. წმიდანთა მოთმინებით გაოცებულმა ჯარისკაცებმა - აკაკიმ, კვადრატმა და სტრატონიკემ ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტეს ახალი აღმსარებლები დაუყონებლივ დახოცეს. უსჯულო იმპერატორმა იულიანას ცდუნება გადაწყვიტა და ცოლად შერთვას შეპირდა იმ პირობით, თუ ქრისტეს უარყოფდა. წმიდანმა შორს დაიჭირა იმპერატორის წინადადება. ავრელიანეს ბრძანებით წმიდა იულიანა საროსკიპეში შეაგდეს, მაგრამ უფალმა დაიცვა: ყველა, ვინც მასთან შეხება ეცადა, დაბრმავდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ და-ძმა. ქრისტიანთა წამებით შეძრწუნებული ხალხი აბობოქრდა. იმპერატორი შეშინდა და მოწამეთათვის თავის მოკვეთა ბრძანა. სიკვდილის წინ ქრისტესთან მიახლოების სიხარულით გაბრწყინებული და-ძმა გალობდა: „შენ მაცხოვნნე ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან და მოძულეთა ჩუენთა არცხვნე“ (დს. 43,8). |