მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი გერასიმე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი გერასიმე, რომელიც იყო იორდანეს, წარმოშობით ლუკიიდან (მცირე აზია). ბერად აღკვეცის შემდეგ იგი თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა. დაახლ. 450 წელს კი პალესტინაში ჩავიდა და იორდანეს მახლობლად მონასტერი დააარსა. ერთ დროს ღირსი გერასიმე ევტიქისა და დიოსკორეს ერესით იყო ცდუნებული და იესო ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდა, მაგრამ ღირსი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ქადაგებით ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუბრუნდა.

სავანეში წმიდა ბერმა მკაცრი წესები განაჩინა: ცხოვრობდნენ, ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს არ იღებდნენ, მხოლოდ გამხმარი პურით, ბალახითა და წყლით იკვებებოდნენ, შაბათ-კვირას საღვთო ლიტურგიაზე იკრიბებოდნენ და ეზიარებოდნენ.

თითოეულ ბერს გააჩნდა მხოლოდ ძველი სამოსელი და ჭილოფი დასაძინებლად. სენაკიდან გასვლისას მამები კარს არ კეტავდნენ, რათა გამვლელი შესულიყო, დაესვენა და საჭირო ნივთები წაეღო.

თვით ღირსი გერასიმე სამაგალითო იყო თავისი ღვაწლით. დიდმარხვაში, ბრწყინვალე აღდგომამდე არაფერს ჭამდა, მთელ მარხვას უდაბნოში ატარებდა საყვარელ მოწაფესთან, ნეტარ კვირიაკესთან (ხს. 29 სექტემბერს) ერთად, რომელიც ექვთიმე დიდმა გაგზავნა მასთან.

როცა ექვთიმე დიდი გარდაიცვალა, ღირსმა გერასიმემ იხილა, თუ როგორ წარიყვანეს წმიდანის სული ანგელოზებმა ზეცად, ნეტარი კვირიაკე იახლა, წმიდა ექვთიმეს სავანეში წავიდა  და მისი ცხედარი მიწას მიაბარა.

ერთხელ უდაბნოში ღირს გერასიმეს კოჭლობით მიუახლოვდა ლომი და მტკივანი ფეხი უჩვენა. წმიდა მამამ შეუხვია  ჭრილობა და განუკურნა ლომს ფეხი. ამის შემდეგ მადლიერი მხეცი მუდამ თან ახლდა მას და მორჩილებით ემსახურებოდა მონასტრის ძმებს. როცა ამბა გერასიმე გარდაიცვალა (475), ლომმა ვერ გაუძლო წმიდა მამასთან განშორების მწუხარებას და მის საფლავზე გარდაიცვალა. წმიდა გერასიმეს ცხოვრების აღმწერელი, საბაწმიდის ლავრის ხუცესი, კირილე ბესანიელი წერს: „არათუ თუ ლომსა მას აქუნდა სული მეტყუელი, არამედ ინება ღმერთმან, რათა ადიდნეს მადიდებელნი თვისნი... და რაითა გუაწყოს ჩუენ, ვითარ-იგი ადამს დამორჩილებულ იყვნენ მხეცნი, ვიდრე არღა გარდასულ იყო მცნებასა“.