მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოანე IV (ოქროპირი)
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოანე IV (ოქროპირი) კათოლიკოსი დაახლ. 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.

კათოლიკოს ბასილი III-ს (1065-1080) თხზულებაში, „თხრობაი სასწაულთათვის წმიდის და ღმერთმოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს, სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოანემ ის სიბრძნე და სიწმიდე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათოლიკოსი უწოდა და ისე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში.

წმიდა იოანე კათოლიკოსი „რომელი ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოანე ოქროპირი კათოლიკოსი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე მელქისედეკ კათოლიკოსისა (ხს. 1 ოქტომბერს) რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო როგორც მისი წინამორბედი და შემდგომი კათოლიკოსებისა, ამიტომაც წმიდა იოანე IV და იოანე V-ს ხშირად აიგივებენ ერთმანეთთან.