მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირელი, კვიპროსის ქალაქ კვიროსის ეპისკოპოსი, წარმოშობით გალატიიდან იყო. უსჯულო ლიკინიუსის (307-324) დროს იგი წარმართთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. კვიპროსის მთავარმა, საბინმა ბრძანა,  ეპისკოპოსი შეეპყროთ. ეს რომ წმიდანმა გაიგო, თვითონ გამოცხადდა მასთან და უთხრა:“მე ვარ ის, ვისაც ეძებ, მოვედი რათა ვაღიარო ქრისტე ღმერთი“. მთავრის ბრძანებით თეოდოტე უმოწყალოდ სცემეს, ხეზე მიაბეს, დანებით დასერეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. 5 დღის შემდეგ მოწამე ისევ მიჰგვარეს საბინს, რომელმაც კვლავ სარწმუნოების გამოცვლა მოითხოვა წმიდანისაგან. თეოდოტეს ქრისტეს ქადაგება არ შეუწყვეტია. ჯალათებმა წმიდანი რკინის მესრებზე დააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს, შემდეგ ფეხისგულებში ლურსმნები ჩააჭედეს და სიარული აიძულეს. წმიდა თეოდოტეს წამების მოწმენი, მისი მოთმინებითა და ღვთივსულიერი სიტყვებით აღფრთოვენებულნი, აღიარებდნენ ქრისტეს. როცა ეს საბინმა გაიგო, წამების შეწყვეტა ბრძანა, წმიდანი კი დაატუსაღა.

მალე წმიდა კონსტანტინე დიდის(ხს.21 მაისს) ბრძანებით, თავისუფლება მიენიჭა ყველა ქრისტიან ტუსაღს. სხვებთან ერთად განთავისუფლდა და მღვდელმთავრის ხარისხში აღდგენილ იქნა წმიდა თეოდოტეც. წმიდანი მშვიდობით მიიცვალა ერთი ცნობით 320, სხვა წყაროს მოწმობით კი-326.