მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თალალე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თალალე მე-5 საუკნეში ცხოვრობდა. წარმოშობით იგი კილიკიიდან იყო(მცირე აზია), საბა განწმენდილის ლავრაში აღიკვეცა ბერად და იქვე ეკურთხა მღვდლად. მოგვიანებით, სირიაში გადახვეწილმა მამამ ქალაქ ჰავალის მახლობლად მიტოვებული, აკლდამებით გარშემორტყმული სამსხვერპლო იპოვა და იქ დამკვიდრდა. სამსხვერპლოში დაბუდებული ბოროტი სულები აფრთხობდნენ და მრავალ ბოროტებას შეამთხვევდნენ მგზავრებს. ღირსი თალალე განუწყვეტლივ ლოცვას მიეცა. ეშმაკები საშინელი ღრიანცელითა და  ამაზრზენი ჩვენებებით  დიდხანს ცდილობდნენ მის შეშფოთებას, მაგრამ ღირსმა მამამ, ღვთის შეწევნით დაამარცხა მტერი. ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი: ისეთი ვიწრო ქოხი ააშენა, რომ თავდახრილი ძლივს მოძრაობდა და იქ იცხოვრა დაახ. ათი წლის განმავლობაში.

უფალმა წმიდანს საკვირველქმედების ნიჭი მიმადლა. მის მიერ აღსრულებული სასწაულები მრავალს მოაქცევდა ქრისტეს რჯულზე. გაქრისტიანებული წარმართების მეშვეობით ღირსმა მამამ დაარღვია სამსხვერპლო და მის ადგილზე ტაძარი ააშენა. წმიდა თალალე გარდაიცვალა დაახ.460 წელს, ღრმა მოხუცებულობაში.