მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა პორფირიოს ღაზელი
წმიდა პარფიოროსი, ღაზელი მთავარეპისკოპოსი (42)

წმიდა პორფირიოს ღაზელი დაახ.346 წელს დაიბადა მაკედონიის ქალაქ თესალონიკში. შეძლებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. სიყრმიდანვე მონაზვნურ ცხოვრებას მიდრეკილმა ჭაბუკმა 25 წლის ასაკში დატოვა სამშობლო და იერუსალიმში გაემგზავრა იქაური სიწმიდეების თაყვანსაცემად. ამის შემდეგ ღირსი მამა იორდანეს უდაბნოში დამკვიდრდა, სადაც მძიმედ დასნეულდა. განკურნების იმედით მან წმიდა ადგილების მოლოცვა გადაწყვიტა. ერთხელ გოლგოთის ძირში მიგდებულმა, ავადმყოფობისგან ძალაგამოცლილმა წმიდანმა ჩვენებით იხილა მაცხოვარი, რომელიც ჯვრიდან გარდამოხდა და მას მიმართა:“ მიიღე ეს ძელი და დაიცავი“. გამოღვიძებულმა პორფირიოსმა სრული სიჯანსაღე იგრძნო.მაცხოვრის სიტყვები მალე აღსრულდა: იერუსალიმის პატრიარქმა წმიდანი მღვდლად აკურთხა და უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ძელის მცველად დაადგინა. იმ ხანებში ღირსმა მამამ მშობლებისგან მემკვიდრეობით 400 ოქროს მონეტა მიიღო, რომელიც გლახაკთა განკითხვასა და ტაძრების კეთილმოწყობას მოახმარა.

395 წელს გარდაიცვალა ქალაქ ღაზის(პალესტინა) ეპისკოპოსი. ადგილობრივი ქრისტიანები კესარიაში მივიდნენ მიტროპოლიტ იოანესთან და სთხოვეს, ისეთი ეპისკოპოსი დაედგინათ მათთვის, რომელიც შესძლებდა, წინ აღდგომოდა მომძლავრებულ წარმართებს. უფლის შთაგონებით მიტროპოლიტმა იერუსალიმელ ხუცესს პორფირიოსს მოუწოდა. კრძალვით და შიშით მიიღო წმიდანმა მღვდელმთავრის ხარისხი, თაყვანი სცა ცხოველმყოფელ ძელს და ახალი მორჩილების აღსასრულებლად გაეშურა. ღაზაში მას დახვდა სამი ქრისტიანული ეკლესია უამრავი სამსხვერპლოსა და წარმართული კერპის გარემოცვაში. ამ დროს ქალაქში საშინელი გვალვა იყო. ქურუმები მსხვერპლს სწირავდნენ ბომონებს, მაგრამ უბედურებას ბოლო არ უჩანდა. პორფირიოსმა ქრისტიანებს მარხვისკენ მოუწოდა, მწუხრის ლოცვა აღასრულა, შემდეგ კი ლიტანიით შემოუარა მთელ ქალაქს. უეცრად ცა მოიქუფრა, იჭექა და ხშირმა წვიმამ დაუშვა. ამ სასწაულის მხილველმა უსჯულოებმა ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი. იმ დღეებში 200- ზე მეტი კერპთაყვანისმცემელი მოინათლა.

მიუხედავად ამისა, წარმართები გააგრძობდნენ ქრისტიანთა შევიწროებას: თანამდებობიდან ანთავისუფლებდნენ მათ, გადასახადებს უმძიმებდნენ... მღვდელმთავარი პორფირიოსი და მიტროპოლიტი იოანე კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, რომ იმპერატორისთვის შეწევნა ეთხოვათ. აქ მათ დახვდათ წმიდა იოანე ოქროპირი.

იოანე და პრფირიოსი დედოფალ ევდოქსიას წარუდგინეს, რომელიც მაშინ ორსულად იყო.“იზრუნე ჩვენზე,-წინასწარმეტყველურად უთხრეს მას ეპისკოპოსებმა,-და უფალი მოგმადლებს ძეს, რომელიც შენსავე სიცოცხლეში გამეფდება“. ამის შემდგომ, 401 წელს გამოვიდა იმპერატორის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ღაზაში წარმართული სამსხვერპლოები უნდა დაემსხვრიათ და ქრისტიანებს პრივილეგიები მინიჭებოდათ. გარდა ამისა, დედოფალმა მღვდელმთავრებს სახსრების გამოუყო ქალაქში ახალი ტაძრის ასაშენებლად.

მღვდელმთავარმა პორფირიოსმა სრულიად განამტკიცა ქრისტიანობა ღაზაში. ღირსი მამა 420 წელს გარდაიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში.