| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ტარასი კონსტანტინოპოლელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ტარასი კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (806) დიდგვაროვანთა ოჯახის შთამომავალი იყო. იგი კონსტანტინოპოლში დაიბადა და გაიზარდა, განათლებაც იქვე მიიღო. ღრმად განსწავლული ჭაბუკი მალე დაწინაურდა კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და მისი დედის, დედოფალ ირინეს (797-802) კარზე და სენატორის ხარისხს მიაღწია. იმ ხანებში ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი. წმიდა პატრიარქი პავლე (780-784; ხს. 30 აგვისტო) მწვალებლებს არ თანაუგრძნობდა, მაგრამ მერყევი ხასიათის გამო მათ წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებას ვერ ახერხებდა, ამიტომ ნებით გადადგა ტახტიდან, მონასტერს მიაშურა და სქიმა შეიმოსა. როცა ყოფილი პატრიარქი დედოფალმა ირინემ მოინახულა ძესთან ერთად, პავლემ განაცხადა, ჩემი ერთადერთი ღირსეული მემკვიდრე ტარასიაო. ტარასი, ამ დროს ჯერ კიდევ ერისკაცი, დიდხანს უარობდა, რადგან ასეთი დიდი ხარისხისათვის თავი უღირსად მიაჩნდა, მაგრამ ბოლოს დაჰყვა მვედრებელთა ნებას ერთი პირობით-ხატმბრძოლობის ერესის დასაგმობად მსოფლიო კრება უნდა მოწვეულიყო. წმიდანმა მოკლე ხანში გაიარა იერარქიის ყველა საფეხური და 784 წელს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა. 787 წელს ტარასის თავმჯდომერეობით ნიკეაში გაიმართა მე-7 მსოფლიო კრება, რომელსაც 367 ეპისკოპოსი დაესწრო. კრების მამებმა დაამტკიცეს წმიდა ხატების თაყვანისცემის წესი. იმ მღვდელმთავრებმა, რომლებმაც მოინანიეს ხატმბრძოლობა, ეკლესიამ კვლავ მიიღო თავის წიაღში. წმიდა ტარასი 22 წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, იგი მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა; მთელი ქონება საქველმოქმედო საქმეებს გადასცა; ზრდიდა და განუსვენებდა მოხუცებს, გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მათთვის ტრაპეზს აწყობდა, რომელზეც თვითონ მსახურობდა. წმიდა პატრიარქმა მხნედ ამხილა იმპერატორი კონსტანტინე, როცა მან ცილი დასწამა თავის მეუღლეს, მარიამს იმ მიზნით, რომ მონასტერში გამოეკეტა იგი, თვითონ კი ხორციელ ნათესავზე დაქორწინებულიყო. წმიდა ტარასიმ მტკიცე უარი განაცხადა იმპერატორის განქორწინებაზე, რის გამოც მისი საშინელი რისხვა დაიმსახურა, მაგრამ მალე კონსტანტინე დედამისმა, ირინემ ჩამოაგდო ტახტიდან. მღვდელმთავარი ტარასი გარდაიცვალა 806 წელს. აღსასრულის ჟამს ეშმაკები მიეახლნენ წმიდანს, ახსენებდნენ მთელს ცხოვრებას სიყრმიდან მოყოლებული და ცდილობდნენ ისეთი ცოდვები მიეწერათ მისთვის, რომელიც არასოდეს ჩაედინა. „ცილსა მსწამებთ, თქვენ არანაირი ძალაუფლება არა გაქვთ ჩემზე!“ - შერისხა ბოროტი სულები ღირსმა მამამ და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. სამწყსო მხურვალე ცრემლებით დასტიროდა საყვარელ მღვდელმთავარს. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა. |