მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ალექსანდრე,
#წმინდათა ცხოვრება

„მღვიძარეთა“ სავანის დამაარსებელი დაიბადა აზიაში, განათლება კონსტანტინოპოლში მიიღო. ერისკაცობაში ის მხედრად მსახურობდა, მაგრამ მისი სული სხვა სარბიელს ითხოვდა, ამიტომ დატოვა ეს სოფელი, ანტიოქიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სავანეში ბერად აღიკვეცა და იღუმენ ილიას ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას. წმიდანი თანდათან ამკაცრებდა  ღვაწლს, ბოლოს კი მეუდაბნოებაზეაც მიიღო კურთხევა. ერთადერთი რაც მან გაიყოლა უდაბნოში, წმიდა სახარება იყო. ამის შემდეგ უფალმა ალექსანდრეს წარმართებს შორის ქადაგებისაკენ მოუწოდა. ღირსმა მამამ ქრისტიანობაზე მოაქცია ქალაქის თავი რაბულა, რომელმაც შემდგომ მღვდელმთავრის ხარისხივ მიიღო და მთელი 30 წლის განმავლობაში განაგებდა ედესის საეპისკოპოსო კათედრას.

ბოლოს ღირსი ალექსანდრე მდინარე ევფრატის მახლობლად დაემკვიდრა.მალე მის ირგვლივ ძმები შემოიკრიბნენ. ჩამოყალიბდა მონასტერი, რომელიც ოთხასამდე ბერს ითვლიდა. მაშინ საღვთო შურით ანთებულმა იღუმენმა გადაწყვიტა, სავანეში უფლის დაუდუმებელი დიდება განეწესებინა და სამი წელი შესთხოვდა უფალს, გამოეცხადებინა, სათნოეყოფოდა თუ არა ღმერთს მისი განზრახვა. ბოლოს, ზეგარდმო კურთხევით, მან ძმები დაყო 24 ჯგუფად, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და დაუსრულებლად აღუვლენდნენ ფსალმუნის გალობას ზეციურ მეუფეს. გამონაკლისს შეადგენდა ის დრო, როცა ტაძრებში ღვთისმსახურება აღესრულებოდა. სწორედ აქედან მოდის მონასტრის სახელიც-„მღვიძარეთა“.

20 წელი განაგებდა ღირსი ალექსანდრე ევფრატის სანაპიროზე მდებარე სავანეს. შემდეგ თავის მოწაფეს, გამოცდილ ბერს-ტროფიმეს გადააბარა წინამძღვრობა, თვოთონ კი სპარსეთის მოსაზღვრე ქალაქები მოიარა სახარების ქადაგებით. ასე ჩააღწია ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლამდე, სადაც კიდევ ერთი მონასტერი დააარსა მისთვის მეტად საყვარელი „მღვიძარეთა“ ტიპიკონით. ღირსი მამა მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, 430 წელს.