მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მავრიკიოსი
წმიდა მოწამე მავრიკიოსი და 70 წმიდა მხედარი: ფოტინი, ფილიპე, თეოდორე და სხვანი (დაახ.305)

წმიდა მავრიკიოსი მხედართმთავარი იყო. იგი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის(305-311) დროს, 305 წელს ეწამა ძესთან, ფოტინთან და თავისი ლაშქრის 70 მეომართან ერთად(მათგან მხოლოდ ორის სახელია ცნობილი-თეოდორე და ფილიპე).

დევნის დროს წარმართმა ქურუმებმა მოახსენეს იმპერატორს, მავრიკიოსი ქრისტეს სარწმუნოებას ავრცელებსო. სამსჯავროზე შვილთან და მხედრებთან ერთად წარმდგარმა წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე. ჭაბუკ ფოტინს მამის თვალწინ მოკვეთეს თავი, მაგრამ განსაცდელმა ვერ შეარყია წმიდა მავრიკიოსი; მან მადლობა შესწირა უფალს შვილის მოწამეობრივი აღსასრულისათვის.

ამის შემდეგ მტარვალებმა უფრო ხანგრძლივ და სასტიკ სატანჯველს მიმართეს: ქრისტეს მხნე აღმსარებლები ჭაობიან ადგილას გაიყვანეს, სადაც უამრავი კოღო, ბუზი და კრაზანა ირეოდა, თაფლი წაუსვეს სხეულზე და ხეებზე მიაკრეს. აქ ცალკე მწერების ნაკბენებისგან ეწამებოდნენ წმიდანები, ცალკე-შიმშილისა და წყურვილისაგან, მაგრამ დაუდუმებლად ადიდებდნენ უფალს. ათი დღის შემდეგ ქრისტეს მარტვილებს თავები მოჰკვეთეს. მრისხანე მბრძანებელმა განკარგულება გასცა, მოწამეთა ცხედრები დაუმარხავად დაეტოვებინათ, მაგრამ ქრისტიანებმა ღამით ფარულად დაფლეს ისინი მათი აღსასრულის ადგილზე.