მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსმოწამე ფილოთეა (ერობაში-რიგულა)
#წმინდათა ცხოვრება

ღირსმოწამე ფილოთეა (ერობაში-რიგულა) 1522 წელს დაიბადა ათენსი. როცა კეთილმსახურებაში აღზრდილმა ასულმა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი გაათხოვეს. რიგულას მეუღლე, ურჯულო და უხეში კაცი ხშირად სცემდა და ტანჯავდა ცოლს. ქალი მოთმინებით იტანდა სატანჯველს და ევედრებოდა უფალს, გონს მოეყვანა მისი ქმარი. სამ წელიწადში წმიდანი დაქვრივდა, რის შემდეგაც დაიწყო მკაცრი მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და ღამისთევებით. წმიდა მოსაგრემ ადრია პირველწოდებულის სახელობის ქალთა მონასტერიც დააარსა და მის მკვიდრთაგან პირველმა თავად შეიმოსა მონაზვნობა ფილოთეას სახელით. ამ დროს საბერძნეთი თურქეთის უღელქვეშ იტანჯებოდა. მრავალი ბერძენი ქალი მტერს მხევლებად ჰყავდა ქცეული. ღირსი ფილოთეა ყოველ ღონეს ხმარობდა თანამემამულეთა გამოსახსნელად, ბევრი გამოისყიდა კიდეც. ერთხელ წმიდა დედის სავანეს შემოეხიზნა ოთხი ქალი-ისინი გამოქცეოდნენ ბატონებს, რომლებიც მათგან ქრისტეს უარყოფას ითხოვდნენ. თურქებმა ლტოლვილთა ადგილსამყოფელი გაიგეს, ღირსი დედის სენაკში შეცვივდნენ და სასტიკად გვემეს იგი. შემდეგ წმიდანი ქალაქის თავს მიჰგვარეს, რომელმაც მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა. ღირსი დედა მზად იყო მოწამეობრივი აღსასრულებისათვის, მაგრამ, ღვთის ნებით, ქრისტიანებმა მოახერხეს მისი გამისყიდვა. ამის შემდეგ წმიდა ფილოთეამ უფრო გაამკაცრა მოღვაწეობა, ახალი მონასტერიც დააარსა. წმიდა დიონისე არეოპაგელის(ხს. 4 იანვარს და 3 ოქტმბერს) დღესასწაულზე თურქებმა შეიპყრეს წმიდანი, მხეცურად აწამეს და ცოცხალმკვდარი დააგდეს. სულთმობრძავი ფილოთეა მონასტრის დებმა ტირილით მიასვენეს დაბა კოლოგრეზამდე, სადაც კიდეც 1589 წლის 19 თებერვალს. ღირსმოწამის წმიდა ცხედარი ათენის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.