მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა სამოცდაათთაგანნნ მოციქულნი, არქიპო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა სამოცდაათთაგანნნ მოციქულნი, არქიპო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ. ფილიმონის მიმართ ეპისტოლის დასაწყისში მოციქული პავლე წერს: “ფილიმონს საყუარელსა და თანაშემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა საყუარელსა, და არქიპოს, თანამოსაგრესა ჩუენსა“.

არქიპო მოციქული ფრიგიის ქალაქ კოლოსეს ეპისკოპოსი იყო, ფილიმონი კი ამავე ქალაქის წარჩინებული მოქალაქე. ქრისტიანები მის სახლში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. პავლე მოციქულმა მასაც ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მისი მეუღლე აპფია, სახლში მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა მათ. იგი ერთგულად ედგა თავის მეუღლეს მხარში მოციქულებრივ ღვაწლში.

იმპერატორ ნერონის(54-68) დროინდელი დევნის ჟამს მოციქულები არქიპო, ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია ქრისტიანობის ქადადგებისთვის ქალაქის თავს, არტიკოლისს გადასცეს დასასჯელად, წმიდა არქიპო დანებით მხეცურად დასერეს, ფილიმონი და აპფია კი, მხეცური წამების შემდეგ, წელამდე მიწაში ჩამარხეს და ქვებით ჩაქოლეს.