მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ნიკოლოზ კათოლიკოსი
წმიდათა შორის მამა ჩვენი ნიკოლოზ კათოლიკოსი (1591)

ნიკოლოზ კათოლიკოსი კახეთის მეფის, ლეონ 1-ის ძე იყო. საერო ბრწყინვალებას მან ბერის უბრალო შესამოსელი და ქრისტეს ტკბილი და მსუბუქი უღელი არჩია. ღვთის განგებით იგი კათოლიკოსად იქნა დადგენილი:“ქორონიკონსა სობ(1584 წელს) მიიცვალა ბარათაშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ და ბრძანებითა ღრმთისათა კათალიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა 28, დღესა შაბათსა.“-ვკითხულობთ ქართლის ცხოვრებაში.

წმიდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ იობთან, მას საჩუქრად გაუგზავნა ბედაური ცხენი. წმიდა კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს დაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული, ტყავზე ხელნაწერი სახარება.

მიტროპოლიტი ტიმოთე(გაბაშვილი) „მიმოსვლაში“ მოგვითხრობს ათონის ივერთა მონასტერზე და აღნიშნავს, რომ სატრაპეზოში არის წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოსის ხატი. იგივე ავტორი აღწერს  აშოტან მუხრანბატონის მიერ აშენებულ სატრაპეზოს და უმატებს:“იქ მიცვალებულთა კათალიკოზი ნიკოლოზ, მგონი ეს ბატონიშვილი იყოს“.