მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მეომარი იყო(ტირონი ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა-მაქსიმიანემ(305-311)და მაქსიმიანემ(305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუღმერთებისათვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად.

ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა „ღმეთების დედის“-სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ.

მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა:“გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ; ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნი ცხოვრება ცათა შინა“. ნუგეშინისცემულმა თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო. მის გალობას ანგელოსთა დასიც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე ფანჯარაში შეიხედეს და დაინახეს თეთრებში შემოსილ ჭაბუკთა სიმრავლე, რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. როცა კარები შეაღეს, სენაკში არავინ იყო თეოდორეს გარდა.

წარმართებს მალე გაუარათ თავზარდაცემამ და სატანჯველებს მისცეს ნეტარი აღმსარებელი: ჯერ ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი უზარმაზარი კოცონი დაანთეს და მასთან მიიყვანეს. ძვლებგაშიშვლებული თეოდორე შევიდა ცეცხლში, პირჯვარი გადაისახა და, სულიწმიდის მადლით გაძლიერებულმა, ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ევსებიამ სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი სხეული და თავის სახლში დაკრძალა. შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს, თავი კი იტალიის ქალაქ გაეტშია დასვენებული.

წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა(361-363)გადაწყვიტა ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინოპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის კვირის ყოველ პირველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისათვის ნაკერპავი სისხლი ეპკურებინა. წმიდა თეოდორი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისათვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო-თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.

ამ მოვლენის აღსანიშნავად ეკლესია ყოველწლიურად, დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.