მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ვლასი
მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი (დაახ.316)

მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი მართალი და კეთილმსახური ცხოვრების გამო საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, ამიტომაც ქალაქ სებასტიის მცხოვრებლებმა იგი ერთსულოვნად აირჩიეს თავიანთ ეპისკოპოსად. წმიდა მღვდელმთავრის მოღვაწეობის ხანა ქრისტიანთა სასტიკი მდევნელების,დიოკლიტიანეს(284-305) და ლიკინიუსის(307-324) მეფობის წლებს დაემთხვა. იგი განამტკიცებდა თავის სამწყსოს, საპყრობილეებში აკითხავდა ტუსაღებს, ამხნევებდა მარტვილებს.

ბევრი ქრისტიანი თავს არიდებდა უსჯულოებს, უდაბურ და აკრძალულ ადგილებში იხიზნებოდა. ვლასიც იძულებული შეიქმნა, არგეოსის მთისთვის შეეფარებინა თავი და ერთ-ერთ გამოქვაბულში განეგრძო ღვაწლი. ტყის ნადირები მიდიოდნენ წმიდანთან და მორჩილად ელოდნენ, როდის დაამთავრებდა ლოცვას, რომ მისგან კურთხევა მიეღოთ. დასნეულებულ მხეცებს მღვდელმთავარი ხელის დადებით კურნავდა. ერთხელ წმიდა მამის თავშესაფარს გადააწყდნენ უღმერთო მმართველის, აგრიკოლას მსახურები. აგრიკოლამ ბრძანა შეეპყროთ გახიზნულები, მაგრამ მის გამოგზავნილებს მთაში მხოლოდ სებასტიელი ეპისკოპოსი დახვდათ. წმიდა მამამ ადიდა უფალი და თან გაჰყვა მეომრებს.

გზად ვლასი სნეულებს კურნავდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ერთგან გლახაკმა ქვრივმა მას შესჩივლა, რომ მგელმა ერთადერთი მისი ქონება- გოჭი გაიტაცა. ეპისკოპოსმა გაიღიმა და უთხრა:“არ იტირო, შენი გოჭი დაგიბრუნდება“... და მართლაც, ყველას გასაოცრად, მგელი გამობრუნდა ტყიდან და პატრონს უვნებლად ჩააბარა ნადავლი.

აგრიკოლა პირფერობითა და ლიქნით შეხვდა წმიდა მამას და ღმერთების მეგობარი უწოდა. წმიდანმა მისალმებაზე მისალმებითვე უპასუხა, მაგრამ წარმართულ ღვთაებებს ეშმაკები უწოდა, ამისთვის იგი სასტიკად გვემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

მეორე დღეს კვლავ აწამეს ნეტარი მარტვილი. როცა ნაწამები მღვდელმთავარი საპყრობილისკენ მიჰყავდათ, შვიდი დედა უკან მიჰყვებოდა მას და სისხლის წვეთებს აგროვებდა. მტარვალებმა შეიპყრეს და სასტიკად აწამეს ისინი, მაგრამ ღვთის მადლით დაცულმა დედებმა ახოვნად დაითმინეს სატანჯველები. უფლის ნებით, ხილული სასწაულიც აღესრულა:მათი სხეულები თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან კი რძემ იფეთქა. ბოლოს წმიდა მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.

წმიდა ვლასი ისევ აგრიკოლას მიჰგვარეს. აქ მან კიდევ ერთხელ ახოვნად აღიარა ქრისტე. მმართველმა ბრძანა, ტბაში ჩაეგდოთ ნეტარი მღვდელმთავარი, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა კი ჯვარი გადასახა წყალს და გაიარა მასზე, შემდეგ ნაპირზე მდგარ წარმართებს მიმართა:“თქვენც მოიხმეთ შეწევნისთვის თქვენი ღმერთები და მოდით ჩემთან“. მმართველის 68 კარისკაცი გაკადნიერდა და მიბაძა მარტვილს, მაგრამ ყველა წყალში შესვლისთანავე დაიხრჩო. საუკეთესო მსახურების დახოცვით გაცეცხლებულმა მმართველმა განკარგულება გასცა, დაუყონებლივ თავი მოეკვეთათ წმიდანისათვის... სიკვდილის წინ ნეტარმა მამამ ღმერთს შეავედრა მთელი სამყარო, განსაკუთრებით კი მისი ხსოვნის პატივისმცემლები. წმიდა მღვდელმოწამე 136 წელს აღესრულა. მისი უხრწნელი ნაწილები ჯვაროსნებმა დასავლეთში წაიღეს და დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია დაფანტული.