მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი
#წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი იყო ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი. 70 წელი იმყოფებოდნენ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში, მაგრამ ბოლოს მეფე კვიროსმა გაათავისუფლა ისინი. ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ მიტაცებული სიწმიდეები დაუბრუნა. დაბრუნებიდან მე-7 თვეს იუდეველებმა დანგრეული სამსხვერპლო აღადგინეს, შემდეგ კი ტაძრის აღორძინებასაც შეუდგნენ. კეთილმსახური ადამიანები უხვ შემოწირულობებს იღებდნენ, მაგრამ ბოროტი ადამიანების, ავაზაკებისა და წარმართების მანქანებით მშენებლობა ჭიანურდებოდა. ისრაელთა სარწმუნოების განსაცხოველებლად უფალმა ორი წინასწარმეტყველი-ანგია და ზაქარია გამოარჩია.

ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა. სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია განცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში(9,9), უფლის ოცდაათ ვერცხლად გაყიდვა(11,12-13), მაცხოვრის გვერდის განგმირვა(12,10), მოციქულთა გაფანტვა გეთსიმანიის ბაღში(13,7), მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს(14,6-7).

გადმოცემის მიხედვით, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა-ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. იგი იერუსალიმის მახლობლად  დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიასთან ერთად. ზაქარია წინასწარმეტყველს „მანგლისმხილველს“ ვუწოდებთ, რადგან მან ჩვენებით იხილა მანგალივით მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავებლად ფრინავდა ჰაერში(5,1-2).