მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ქალწულმოწამე ფავტა და მასთან ერთად ევილასე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ქალწულმოწამე ფავტა და მასთან ერთად ევილასე და მაქსიმე მაქსიმიანე გალერიუსის დროინდელი დევნისას ქალაქ კვიზიკში(მიზია), 305-311 წლებს შორის.

ღვთისმოშიში ქრისტიანების ასული, ადრე დაობლებული ფავსტა მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა. ქრისტიანი ქალწული მმართველთან დაასმინეს და მანაც 80 წლის ქურუმი ევილასე გაგზავნა ფავსტას ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადასაცდენად. წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც იგი საშინლად აწამეს და ხის ყუთში ჩასვეს. მტარვალები ქანცის გაწყვეტამდე ცდილობდნენ გაეხერხათ ან ცეცხლში დაეწვათ ყუთში გამოკეტილი მარტვილი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ: არა მხოლოდ ქალწული, ღვთის მადლით დაცული ყუთიც უვნებელი რჩებოდა. ქურუმი ევილასი გააოცა ღვთის მადლის ასეთმა გამოვლინებამ, ირწმუნა და უშიშრად აღიარა ქრისტე.

მომხდარის გამოძიება მეფემ ეპარქ მაქსიმეს დაავალა, რომელმაც გაქრისტიანებული მოხუცის წამება დაიწყო. ევილასემ ფავსტას სთხოვა, ელოცა მისთვის. წმიდა ფავსტა მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მათ პირი არ დააკარეს მოწამეს. მაშიმ მარტვილები მდუღარე წყალში ჩააგდეს, მაგრამ კვლავ უვნებლად დარჩნენ.

წმიდანების სარწმუნოებითა და მოთმინებით გაოცებულმა მაქსიმემ შესთხოვა უფალს, მისთვისაც მოწყალე თვალით მოეხედა. უეცრად გაიხსნა ცა და ეპარქმა იხილა ქრისტე ნათელმოსილ ანგელოზებთან და წმიდანებთან ერთად. ამ საოცარი ჩვენებით შეძრწუნებულმა ხმამაღლა ჰღაღადჰყო:“უფალო, მიიღე ჩემი სულიც!“ გაიქცა ცეცხლზე შემოდგმული ქვაბისკენ, სადაც ცოტა ხნის წინ მისივე ბრძანებით ჩაჰყარეს წმიდა მარტვილები და შიგ გადაეშვა. ზეციდან გაისმა:“მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ!“ და ამ მოწოდებით გამხნევებულმა და სიხარულით აღვსილმა ტარიგებმა უფალს შეჰვედრეს სული.