მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე აღათია
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. იმპერატორ დეკიუსის(249-251) დროინდელი დევნისას მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და ბრძანა, შეეპყროთ ქალწული. წმიდანი კატანში ერთ მდიდარ ქალთან დააბინავეს, რომელსაც 5 ასული ჰყავდა. ისინი ცდილობდნენ აღათია ნაირ-ნაირი ტანსაცმელებით, საჭმელ-სასმელით, გასართობებით ეცდუნებინათ და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას სთავაზობდნენ, მაგრამ ქრისტეს სასძლო უარყოფდა ყოველგვარ საცდურს და მხურვალედ ევედრებოდა უფალს მისი სახელისათვის წამების დათმენის ღირსი გაეხადა. წმიდანი ვერც ალერსით მოდრიკეს და ვერც მუქარით, რის შემდეგაც საშინლად აწამეს: გაშიშვლებული დაკიდეს ხეზე, გვემეს, მთელი სხეული დაუსერეს, რკინის სამთითებით ჩამოგლიჯეს მკერდი. სასიკვდილოდ განწირულ წმიდა აღათიას საპყრობილეში წმიდა მოციქული პეტრე გამოეცხადა და ჭრილობებისგან განკურნა. მეორე დღეს კვინტიანი გაოცდა, როცა ქალწული სრულიად უვნებელი იხილა და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. ამ დროს საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ქალაქის დამფრთხალი მცხოვრებლები მოაწყდნენ კვინტიანის სასახლეს და მოსთხოვეს, შეეწყვიტა წამება. მოსალოდნელი სახალხო მღელვარებით შეშინებულმა მმართველმა ბრძანა, საპყრობილეში დაებრუნებინათ ქრისტეს ტარიგი, სადაც მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

უსჯულო კვინტიანი საშინელი სიკვდილით მოკვდა. როცა იგი წმიდა მოწამის სიმდიდრის დასაუფლებლად მიდიოდა პანორმისკენ, უეცრად გახელებული ცხენები მოსცვივდნენ: ერთმა სახე მოაჭამა, მეორემ კი დატორა და მდინარეში ჩააგდო.

წმიდა აღათიას საფლავზე მისი სახელობის ტაძარი ააგეს. მოკლე ხანში კატანის მახლობლად მდებარე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. გავარვარებული ლავა წალეკვით ემუქრებოდა მთელ ქალაქს. თავზარდაცემული კატანელები ღვთის შეწევნის იმედით, წმიდა აღათიას სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ, ფარივით იპყრეს ხელთ მისი სამოსელი და ლავის პირისპირ დადგნენ. მოხდა სასწაული:უეცრად ცეცხლოვანმა ლავამ უკან დაიხია, ჩაცხრა და გაცივდა.