მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოციქულთასწორი ნიკოლოზი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის ეპისკოპოსი(ერობაში-ივანე დიმიტრის ძე კასატკინი). 1836 წელს დაიბადა სმოლენსკის გუბერნიაში, დიაკვნის ოჯახში. იგი 5 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. მომავალი წმიდანი საფუძვლიანი სასულიერო განათლების მირების შემდეგ, 1860 წელს ბერად აღეკვეცა ნიკოლოზის სახელით. მალე წმიდა ნიკოლოზი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და შემდეგ, საკუთარი სურვილით იაპონიაში გაამწესეს, ქ.ხაკოდატის საკონსულო ტაძრის წინამძღვრად.

თავდაპირველად იაპონიაში სახარების ქადაგება წარმოუდგენელად ჩანდა. თავად მამა ნიკოლოზის სიტყვებით „მაშინდელ იაპონელებს უცხოელები მხეცებად მიაჩნდათ, ქრისტიანობა კი- ავაზაკთა ეკლესიად, რომელშიც შეიძლება მხოლოდ ბოროტმოქმედნი და მისთანები იმყოფებოდნენ“. რვა წლის განმავლობაში წმიდანი ეცნობოდა უცხო ქვეყანას, ენას, იმ ხალხის ზნე-ჩვეულებებს, რომელთა შორისაც უწევდა ქადაგება.1868 წელს მამა ნიკოლოზის სამწყსო უკვე ოცამდე იაპონელს ითვლიდა. 1869 წელს მღვდელ-მონაზონმა ნიკოლოზმა პეტერბურგში სინოდს თავისი მოღვაწეობის შედეგები გააცნო. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:“იაპონელებს შორის ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოყალიბდეს სპეციალური რუსული სასულიერო მისია“. მამა ნიკოლოზი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აღყვანილი და ამ მისიის ხელმძღვანელობა დაეკისრა. იაპონიაში დაბრუნებულმა წმიდანმა ხაკოდატის სამწყსო მღვდელ-მონაზონ ანატოლის ჩააბარა, თვითონ კი მისიის ცენტრი ტოკიოში გადაიტანა. 1873 წელს წარმართთა ბობოქრობა დაცხრა და ქადაგება კვლავ შესაძლებელი გახდა.

1874 წელს ტოკიოში ჩავიდა კამჩატკელი ეპისკოპოსი პავლე, რომელმაც მღვდლებად აკურთხა არქიმანდრიტ ნიკოლოზის მიერ რეკომენდირებული იაპონელი ქრისტიანები. 1877 წელს მესიამ დაიწყო ჟურნალ „საეკლესიო უწყებანი“-ს რეგულარული გამოცემა. 1880 წლის 30 მარტს ალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძარში შედგა არქიმანდრიტ ნიკოლოზის ეპისკოპოსად კუთხევა. იაპონიაში დაბრუნებულმა მღვდელმთავარმა კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით განაგრძო მოციქულებრივი საქმიანობა: ტოკიოში დაასრულა ქრისტეს არდგომის ტაძრის მსენებლობა, დაიწყო საღვთისმსახურო წიგნების ხელახალი თარგმნა და იაპონურ ენაზე შეადგინა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლექსიკონი.

დიდი განსაცდელი დაატყდა თავს მღვდელმთავარსა და მის სამწყსოს რუსეთ-იაპონიის ომის დროს. ამ მძიმე წლებში გაწეული ღვაწლისთვის წმიდა მამა მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი.

1911 წელს ნახევარი საუკუნე შესრულდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონმა ნიკოლოზმა პირველად დადგა ფეხი იაპონიის მიწაზე. ამ დროისათვის იაპონიის მართლმადიდებლური ეკლესიის 266 თემში 33000-ზე მეტი ქრისტიანი იყო.

1912 წლის 3 თებერვალს იაპონიის განმანათლებელი, მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი მშვიდობით მიიცვალა. 1970 წლის 10 აპრილს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ღირსი მამა წმიდანანდ შერაცხა და მოციქულთასწორთა დასს მიაკუთვნა.