მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია; ანატოლია, ფოტო, ფოტიდა პარასკევა, კვირიაკია, დომნინა და სებასტიანე
წმიდა მოწამენი: ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია; ანატოლია, ფოტო, ფოტიდა პარასკევა, კვირიაკია, დომნინა და სებასტიანე(დაახ.66).

წმიდა მოწამე ფოტინა იყო სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან(ინ.4,5-42). იმპერატორ ნერონის დროს(54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. უფროსი ვაჟი, ბიქტორი რომაელთა ჯარში იბრძოდა. განსაკუთრებული სიმამაცისთვის ბიქტორი მტავარსარდლად დანიშნეს ქალაქ ატალიაში(მცირე აზია).

როცა ქალაქის მმართველმა სებასტიანემ შეიტყო, რომ წმიდა ბიქტორი ქრისტიანი იყო, ურჩია მას, იმპერატორის ნებას დაჰყოლოდა,დედასა და ძმას კი სახალხოდ ქადაგება შეეწყვიტათ. წმიდა ბიქტორმა უთხრა:“დედაჩემისა და ჩემი ძმის მსგავსად მეც მინდა საჯაროდ ვაღიარო ქრისტე“. სებასტიანემ კვლავ გააფრთხილა უშიშარი ქრისტიანი, ამის გამო უბედურება მოგელისო, მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მწვავე ტკივილმა დაუარა თვალებში, დაბრმავდა და მეტყველებაც დაკარგა.

სამი დღე იწვა ქალაქის თავი დაბრმავებული და დამუნჯებული. მეოთხე დღეს ხმამაღლა წარმოთქვა:“მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი“, გვერდით მყოფ ბენედიქტს უთხრა:“ქრისტე მიხმობს“, პირჯვარი გარდაისახა და თვალიც აეხილა. სასწაუოლის მნახველმა სებასტიანეს მსახურებმა ბატონის მსგავსად პირჯვარი გადაისახეს.

მომხდარის შესახებ ნერონს უამბეს. მან ბრძანა ქრისტიანები რომში ჩაეყვანათ. მაშინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა აღმსარებელს და გაამხნევა ისინი. წმიდა ფოტინე რამოდენიმე ქრისტიანთან ერთად კართაგენიდან რომში გაემგზავრა, რათა აღმსარებელს შეერთებოდა.

რომში იმერატორმა თავისთან მოიხმო წმიდანები და ბრძანა, მათთვის თითები დაეჭრათ. წამების დროს აღმსარებლებს ტკივილი არ უგრძვნიათ, ფოტინეს ხელები კი უვნებელი დარჩა. ნერონის ბრძანებით სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას თვალები დათხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ფოტინე დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასა და კვირიაკესთან ერთად იმპერატორის სასახლეში გაგზავნეს ნერონის ასულის, დომნინას მეთვალყურეობის ქვეშ. წმიდა ფოტინამ ქრისტეს სჯულზე მოაქცია დომნინა და მისი მხევლები, მოაქცია ასევე მოგვი, რომელმაც მოწამლული ღვინო მოუტანა აღმსარებლებს. გავიდა სამი წელი. ნერონმა მსახური გაგზავნა სატუსაღოში და შეიტყო, რომ მის მიერ დაბრმავებული წმიდანები, აწ უკვე სასწაულებრივად თვალახელილნი, ისევ უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს, ხალხიც მიდიოდა მათთან და საპყრობილეც ლამის მონასტრად ქცეულიყო. იმპერატორმა ბრძანა ჯვარზე გაეკრათ წმიდანები. წამების ადგილზე მისული ნერონის მსახურები დაბრმავდნენ. უფლის ანგელოზმა მოწამენი გაანთავისუფლა და განკურნა. წმიდანები შეევედრნენ უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა წარმართებისათვის. განკურნებულებმა ირწმუნეს ქრისტეს ყოვლისშემძლეობა და მოინათლნენ.

გამძვინვარებულმა ნერონმა ბრძანა ტყავი გაეძროთ წმიდა ფოტინესათვის და ჭაში ჩაეგდოთ. წმიდა სებასტიანეს, ბიქტორს და იოსიას წვივები დააჭრეს და ძაღლებს მიუგდეს, შემდეგ კი ტყავი გააძრეს. საშინლად აწამეს წმიდა ფოტინეს დებიც. ნერონმა ბრძანა მათთვის ტყავი გაეძროთ. წმიდა ფოტიდა ფეხებით მიაბეს ორი მოდრეკილი ხის წვეროებს და შუაში გაგლიჯეს. დანარჩენებს თავები მოჰკვეთეს. წმიდა ფოტინე ჭიდან ამოიყვანეს და ოცი დღით ჩაამწყვდიეს საპყრობილეში.

ამის შემდეგ ნერონმა თავისთან იხმო წმიდანი და ურჩია, დამორჩილებოდა და კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდა ფოტინემ შეჰნერწყვა იმპერატორს და უთხრა:“ უსჯულო, ბრმაო. უგნურო და გონდაკარგულო! ნუთუ იფიქრე რომ უარვყოფ მეუფე ქრისტეს და მსხვერპლს შევწირავ შენსავით ბრმა კერპებს?“ ნერონმა კვლავ ჭაში ჩააგდებინა წმიდანი სადაც აღესრულა კიდეც.