მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა უვერცხლო კვიროსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა უვერცხლო კვიროსი ალექსანდრიაში დაიბადა და გაიზარდა. ქრისტიანი ექიმი ყველას უსასყიდლოდ კურნავდა, ამასთანავე წმიდანი დაუცხრომლად ქადაგებდა სახარების სწავლებას და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სჯულზე. დიოკლიტიანეს (284-305) დროინდელი დევნისას კვიროსმა არაბეთის უდაბნოს მიაშურა, ბერად აღიკვეცა და დაუცხრომლად განაგრძო მოღვაწეობა, რისთვისაც უფლისგან ყოველგვარი სნეულების კურნების მადლი მიენიჭა.

ამ დროს ქალაქ ედესაში ცხოვრობდა კეთილმსახური ქრისტიანი მხედარი იოანე. როცა დევნა დაიწყო, იგი იერუსალიმში წავიდა, სადაც წმიდა კვიროსის შესახებ შეიტყო, ხანგრძლივი ძიების შემდეგ მიაგნო და მისი ერთგული მოწაფე შეიქმნა. ერთხელ მამებმა შეიტყვეს, რომ ეგვიპტის ქალაქ კანოპში შეპყრობილი იყო ქრისტიანი ქალი ათანასია სამ ასულთან-თეოქტისტასთან, თეოდოსტიასთან და ევდოქსიასთან ერთად. წმიდა მამებმა საპყრობილეში მოინახულეს მოწამეები და გაამხნევეს. როცა ამის შესახებ შეიტყო, ქალაქის მმართველმა კვიროსი და იოანე დაატუსაღა და ათანასიას და მისი ქალწულების თვალწინ სასტიკად აწამა. წმიდა მკურნალები ახოვნად აღიარებდნენ ქრისტეს. როცა მმართველი დარწმუნდა, რომ მათი მოდრეკა შეუძლებელი იყო, ათანასიას, თეოდოტიას, თეოქტისტას და ევდოქიას ტანჯვა დაიწყო. როცა უსჯულომ მათი სარწმუნოების შერყევაც ვერ შესძლო, ბრძანა, თავები მოეკვეთათ წმიდა აღმსარებლებისათვის. ათანასიას და მისი ასულების შემდეგ კვიროსი და იოანეც სიკვდილით დასაჯს(311).