მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი.
წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (829)

მე-8 საუკუნის ბოლოს, 786 წელს ქართლის ერისმთავარი გახდა ადარნესეს ძე აშოტი. ამ დროს საქართველო 4 ნაწილად იყო გაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი თავისი შემოგარენითა და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი-კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი- ღვთის ნებით იქცა სამკვიდრებლად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა.

ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. „თბილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი, თვინიერ ალი შუაბის ძისა“, ქარეთლის შემომტკიცების შემდეგ ბარდავიც ქართლს შეუერთა  აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის „სახლად იყო ტფილისი და ბარდავი“.

ამასობაში ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა,“განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტისა და ვერ უძლო წინააღდგომად მათთა აშოტ და ილტოდა მათგან“. თბილისი კვლავ არაბებმა ჩაიგდეს ხელში, აშოტი იძულებული გახდა ქართლს განერიდებოდა და საბერძნეთში წასულიყო ცოლ-შვილთან და მცირეოდენ სპასთან ერთად.

ჯავახეთს მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეებს სარკინოზთა ლაშქარი დაესხა თავს. მცირერიცხოვანი სპა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მას ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი“. ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღვთის ნიშანი განსჭვრიტა , საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა.

 ამ დროს სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უსჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და“მცირეთღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ“.

სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულითა და სიყვარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას,“რომელნიმე სოფელნი მის ქვეყანასანი მოიყიდნა საფასოთი, ზოგნი ოპერნი აღაშენნა და განამრავლა სოფელნი აშოტ კურაპალატმან ქვეყანათა მათ შინა“.

აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმიდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის(ხს.30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯელ ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა იგი, ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. „მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა.“

კლარჯეთი ახალ სიცოცხლეს იძენდა. სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად  ქცეული მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის (ხს.5 ოქტომბერს) და მისი თანამოსაგრეების ძალისხმევით უდაბნო დაბა-სოფლებად იქცა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლები, ერის საუკეთესო შვილები მოდიოდნენ კლარჯეთში და ღმერთშმოსილი მამების გვერდით საქართველოს კეთილ მომავალს სჭედდნენ. საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი აშოტი დიდი ღვთისმოშიში და მოყვარული იყო. მან დიდი სიხარულითა და პატივით ისტუმრა თავის სასახლეში წმიდა მამა გრიგოლ,“ზეცისა კაცი და ქუეყნისა ანგელოზი“. ღირსმა მამამ აკურთხა ხელმწიფე:“არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე.“

წმიდა აშოტ კურაპალატი ღირსი გრიგოლის კეთილ საქმეს მატერიალურადაც შეეწია. „შესწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი  აგარაკად ხანძთისა“. მეფის შვილებმაც-ადარნესემ, ბაგრატმა და გუარამმაც, დიდძალი საფასე გაიღეს კლარჯეთის უდაბნოს ასაღორძინებლად.

ბრძოლებში შეუდრეკელი აშოტი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ეკლესიის მსახურებს. ერთხელ სიძვის ეშმაკი შეუჩნდა ზნეკეთილ მეფეს, „გადარეული სიყუარულით“ შეუყვარდა ერთი ქალი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღვთისა და ერის წინაშეც და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლიმ შეიტყო „საქმე იგი სულისა გამხრწნელი“,“შეწუხდა ფრიად“, ეახლე მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, „რამეთუ დაემონა გულის-თქმუასა“. ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერეს დედათა მონასტერში წინამძღვარ თებრონიას (ხს.5 ოქტომბერს) მიჰგვარა. ეშმაკის მანქანებისაგან ძლეულმა მეფემ ღირსება დაივიწყა  და დედა თებრონიად ქალის გაშვება სთხოვა: მონაგები ჩვენი მის ხელთ არისო. დედა თებრონიამ მკაცრად შეახსენა მეფეს, „მიზეზებად მიზეზთა კაცთა თანა, რომელი იქმან უსჯულოებასა“. ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა „სულით ძლიერი“ დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა:“ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“. ღვთისმოშიშ მეფეს „მამხილებლად აქუნდა თვის გონებაი“ და როცა ცოდვა განეშორა, აშოტმა სულით გაიხარა და აქებდა „წმიდათა მას მძლავრებასა“, „სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გვირგვინოსან-მყოფელთა“.

ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ „მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“.

წმიდა აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და „იწყო ძებნად ერისა, რათამც ვითარც განიმრავლა ლაშქარი თვისი“. საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ,მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახვილითა საკურთხეველსა ზედა“. „დაკლეს იგი ვითარცა ცხოვარი აღსავარსა საკურთხეველისასა და სისხლი იგი მისი დანთხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“,-წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონიანთა“.

ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, „კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობა მისი და შვილთა მისთა“.

ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი მეფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ „მოიკლა მათი უფალი აშოტი“, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა. 

წმიდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს  მის მიერ აშენებულ, წმიდა მოციქულთა, პეტრეს და პავლეს სახელობის ეკლესიაში.