მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ეფრემ ასური(დაახ.373-379); ღირსი ჰალადი მეუდაბნოე; ღირსი ისააკ ასური; ნივეის ეპისკოპოსი (მე-7).
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი მე- 4 საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები-ღარიბი მიწათმოქმედები-კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა წუთისოფლის ამაო შფოთს და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქმნა ცნობილი ასკეტი იაკობი-ნიზიბიის ეპისკოპოსი(ხს.13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა უხვად იხვეჭდა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებებს და სულიერებაშიც სწრაფად წარემატებოდა. წმიდა იაკობი ეფრემის შემართებასა და ხასიათს სწორ მიმართულებას აძლევდა:ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებლებში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში, მის აღსასრულამდე.

363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდა, ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და  ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი მცენარეულობა. ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზეგავლენა ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. წმიდანი მსმენელებს სინანულისკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა, ამხელდა ფართოდ გავრცელებუ არიანელთა ერესს. მისმა მადლმოსილმა სწავლა-მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს რჯულზე.

ღირსმა მამამ ბევრი იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმიდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლად-წმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო“ დიდმარხვაში იკითხება და ქრისტიანებს სულიერი განახლებისკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე ფრიად აფასებდა ღირსი მამის ნაშრომებს; მიღებული იყო მათი კითხვა მართალთა ლიტურგიაზე, სახარების შემდეგ. ეფრემის ნაწერები ასევე ითარგმნებოდა სხვადასხვა ენებზე.

წმიდა მამა, სიმდაბლის გამო, თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. სიცოცხლის მიმწუხრზე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა, კაბადოკიის კესარიაში გაიარა, ბასილი დიდთან(ხს.1 იანვარს). დიდ მღვდელმთავარს მისი ხუცესად კურთხევა უნდოდა, მაგრამ ეფრემმა სიმდაბლის გამო უარი თქვა მღვდლობის პატივზე და ბასილი დიდმა დიაკვნად დაასხა ხელი ღირს მამას. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმიდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან თავიდან რომ აეცილებინა ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო. როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, წმიდა ეფრემმა  თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად განაწყო, მორწმუნეთა შემოწირულობებით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო, შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.