მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოციქული ტიმოთე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოციქული ტიმოთე მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიბადა. ის ქრისტიანობაზე წმიდა მოციქულმა პავლემ(67, ხს. 29 ივნისს) მოაქცია 52 წელს. ლიკაონიის ქალაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დაბადებიდან კოჭლი განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, მათ შორის იყვნენ ჭაბუკი ტიმოთე, მისი დედა ევნიკა და ბებია  ლუდია. პავლეს მიერ ტიმოთეს სულში ჩათესილმა რწმენის მარცვლებმა უხვი ნაყოფი გამოიღო. ის მოციქულთა ერთგული მოწაფე და შემდგომში განუყრელი თანამგზავრი გახდა. პავლე თავის ეპისტოლეებში საყვარელ შვილს უწოდებს მას და მადლიერებით იხსენიებს მის ერთგულებასა და თავდადებას:“ხოლო შენ შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნოებასა, სულგრძელებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხვა მე ანტიოქიასა შინა, იკონიას, ლუსტრას“. 65 წელს პავლე მოციქულმა ტიმოთეს ეფესის ეპისკოპოსად დაასხა ხელი და იგი 15 წლის განმავლობაში კეთილად განაგებდა სამწყსოს. რომის საპყრობილეში გამომწყვდეულმა მოციქულმა პავლემ, რომელმაც იცოდა, რომ მალე უნდა წარმდგარიყო უფლის წინაშე, ერთგული მოწაფე და მეგობარი თავისთან იხმო:“ისწრაფვე ჩემთან მოსვლად ადრე“.

ერთხელ ეფესოში წარმართებმა დიდი ზეიმი გამართეს ცრუ ღმერთების პატივსაცემად. ისინი კერპებს ქუჩაში დაატარებდნენ უსჯულო რიტუალებისა და სიმღერების თანხლებით, რაც ამაზრზენ სანახაობას ქმნიდა. საღვთო შურით ანთებული ტიმოთე შეეცადა შეეჩერებინა და დაემოძღვრა გონებადაბინდულნი, უღმერთო ბრბო. გაავებული კერპთმსახურები კი მიაწყდნენ წმიდა მღვდელმთავარს, გვემეს, მიწაზე ათრიეს, და ბოლოს-ქვებით ჩაქოლეს(96-97). ტიმოთე მოციქულის უხრწნელი ნაწილები მე-4 საუკუნეში გადაასვენეს კონსტანტინოპოლში და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრძანეს.