მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი:ევგენი, კანდიდე, ვალერიანე და აკვილა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი:ევგენი, კანდიდე, ვალერიანე და აკვილა დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს(284-305) ზეობისას აწამა მხედართმთავარმა ლისიუსმა. როცა დევნა დაიწყო, ვალერიანემ, კანდიდემ და აკვილამ მთებს შეაფარეს თავი:მხეცებს შორის არჩიეს ყოფნა წარმართებთან ცხოვრებას. წმიდანებს იქაც მიაგნეს, ქალაქში ჩაიყვანეს და ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს: ხარის ძარღვებით სცემდნენ, უსერავდნენ სხეულს და ჭრილობებში მარილს უყრიდნენ... ევგენი რამდენიმე დღის შემდეგ შეიპყრეს და ისიც ამგვარადვე ტანჯეს. ბოლოს ოთხივე გახურებულ ღუმელში ჩაყარეს. უვნებლად გადარჩენილ მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე აგნია კეთილმსახური რომაელების ოჯახში დაიბადა მე-3 საუკუნეში. წმიდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, ღვთის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა. როცა აგნიამ ქალაქის თავის სამფრონიუსის ვაჟის ცოლობაზე უარი განაცხადა, ერთმა ახლობელმა ამცნო მმართველს, რომ ქალწული ქრისტიანი იყო. გაავებულმა სიმფრონიუსმა ბრძანა, გაეშიშვლებინათ იგი და საროსკიპოში ჩაეგდოთ. უფალმა არ დაუშვა თავისი რჩეულის შეურაცხყოფა-უეცრად აგნიას სქელი და გრძელი თმები ჩამოეზარდა თავზე და სხეული დაუფარა. საროსკიპოში მიყვანილი ქალწული ზეციური შუქით იყო გარემოცული, რომელიც ყველას თვალებს უბნელებდა. ქალაქის თავის ვაჟი, რომელიც გაკადნიერდა ხელი შეეხო აგნიასათვის, იმავე წამს უსულოდ დაეცა მიწაზე, მაგრამ წმიდანის ლოცვით გაცოცხლდა და საკუთარი მამისა და შეკრებილი ხალხის წინაშე განაცხადა:“მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ცისა და ქვეყნის ჭეშმარიტი უფალი. სხვა ღმერთები მტვერია და ნაცარი!“ ამ სასწაული მხილველმა 160 ადამიანმა ირწმუნა ქრისტე, მოინათლნენ და მოწამეობრივად აღესრულნენ წარმათთა ხელში.

წმიდა აგნია ქურუმების მოთხოვნით სასტიკად აწამეს-კოცონში ჩააგდეს, შემდეგ კი-კოცონიდან უვნებლად გამოსულს, მახვილით მოჰკვეთეს თავი.(დაახ.304). წმიდა მოწამე მშობლებმა რომის მახლობლად დაკრძალეს. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულებოდა.