მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ნეოფიტე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ნეოფიტე ნიკეიდან იყო. მშობლებმაიგი კეთილშობილ ქრისტიანად აღზარდეს. უფალმა წმიდანს სიყრმეშივე მიმადლა სასწაულქმედების ნიჭი. წმიდანის დედამ უფალს შესთხოვა, გაეცხადებინა მისთვის შვილის მომავალი. წმიდანის დედამ თეთრი მტრედის სასწაულებრივი გამოჩენით აუწყა ქალს, რომ ნეოფიტე საცხოვნებელ გზას დაადგებოდა. იმავე მტრედმა გაიყვანა ბავშვი მშობლიური სახლიდან და მთის ერთი გამოქვაბულისკენ გაუძღვა. ამ გამოქვაბულში 15 წელი იცხოვრა წმიდანმა და გარეთ მხოლოდ ერთხელ გამოვიდა-მშობლების დასაკრძალას და მათი ქონების გლახაკთათვის დასარიგებლად.

დიოკლიტიანეს(284-305) დროინდელი დევნისას ნეოფიტე ნებით გამოცხადდა ნიკეაში და გაბედულად ამხილა წარმართთა უგნურება. გამხეცებულმა უსჯულოებმა ხეზე დაკიდეს წმიდანი, ხარის ძარღვებით სცემეს და სხეული რკინით გადაუფხიკეს, შემდეგ მოწამე გახურებულ ქურაში ჩააგდეს, სადაც მან სამი დღე-ღამე დაჰყო უვნებლად. მტარვალებმა უკვე არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ და უფლის რჩეულის მოკვლა გადაწყვიტეს. ერთმა მათგანმა მახვილი უგმირა გულში(303-305).