მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა სილიბისტრო
წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი

წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი დაიბადა რომში, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინესა და იუსტას ოჯახში. მამა მას ადრე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოძღვარმა კვირინმა განსწავლა და ჭეშმარიტ ქრისტიანად აღზარდა ყმაწვილი. სილიბისტრომ მოყვასის მსახურების ღვაწლი იტვირთა. იგი განსაკუთრებით უცხოთა შეწყნარებაზე ზრუნავდა. საკუთარ სახლში ივრდომებდა და განუსვენებდა მათ. დევნის დროს წმიდანმა უშიშრად შეიფარა აღმსარებელი ტიმოთე, რომელმაც ერთ წელზე მეტი დაჰყო მასთან და თავისი ქადაგებებით მრავალი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ტომოთეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ სილიბისტრომ ფარულად წაასვენა და პატივით დაკრძალა მისი ცხედარი. როცა ეს ქალაქის თავმა ტარკვინიუსმა გაიგო, წმიდანი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს, თან ტანჯვითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქრისტეს მხნე აღმსარებელი არ შედრკა. მაშინ იგი დილეგში ჩააგდეს. მალე ტრაკვინიუსი მოკვდა და წმიდანიც გაანთავისუფლეს. იგი უშიშრად ახარებდა ღვთის სიტყვას წარმართებს და მრავალს მოაქცევდა ჭეშმარიტ რჯულზე. 30 წლის სილიბისტროს დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პაპმა მარკელინემ(296-304) მღვდლადაც აკურთხა, პაპ მელქიადის(311-314) მიცვალების შემდეგ წმიდანი რომის ეპისკოპოსი გახდა. ის გულმოდგინედ იღწვოდა თავივი სამწყსოს ცხოვრების სიწმიდისათვის, თვალყურს ადევნებდა იმას, რომ მღვდლები ამაო, მიწიერი საზრუნავებით არ დამძიმებულიყვნენ და პატიოსნად აღესრულებინათ თავიანთი მოვალეობა. 

 მღვდელმთავარი სილიბისტრო განთქმული იყო წმიდა წერილის ცოდნითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით. იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) დროს, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, იუდეველებმა გამართეს დისპუტი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ: მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე, მისი დედა დედოფალი ელენე და მრავალი დიდებული. ქრისტიანთა მხრიდან კამათში მონაწილეობდა პაპი სილიბისტრო, იუდეველთაგან კი- მრავალი სწავლული რაბინი ცნობილი მაგისა და ჯადოქრის:ზამბრის მეთაურობით, ძველი აღთქმის წიგნებზე დაყრდნობით წმიდა პაპმა დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ ყველა წინასწარმეტყველი წინასწარ სჭვრეტდა იესო ქრისტეს შობას წმიდა ქალწულისაგან, მის ნებსით ჯვარცმას, ვნებას და სიკვდილს დაცემული ადამის გამოსასყიდად და ბრწყინვალე აღდგომას. წმიდა სილიბისტრო გამარჯვებულად სცნეს ამ სიტყვიერ ჭიდილში. მაშინ ზამბარი შეეცადა ჯადოთი მოეხიბლა მღვდელთმთავარი, ის კი იესო ქრისტეს წმიდა სახელის მოხმობით იგერიებდა მოძალებულ ბოროტს. უღონოქმნილმა მაგმა სხვა იუდეველებთან ერთად ქრისტეს ძლიერება ირწმუნა და ნათლისღება ითხოვა.

 წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესიას ოც წელზე მეტ ხანს განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.