მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა:“უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა!“ (მთ.18,3). მოგვიანებით ეგნატე იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი (წმიდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო-70-თაგან მოციქულის, ევოდის შემდგომ). უფლის რჩეული ოთხი ათეული წლის მანძილზე მოციქულებრივი მოშურნეობით იღწვოდა ქრისტეს ეკლესიისათვის. ერთხელ წმიდა ეგნატე ზეცად იქნა აღტაცებული და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა წმიდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა. სამწყსოს ძალიან უყვარდა თავისი მღვდელმთავარი  და მას „ღმერთშემოსილს“ ეძახდა.

106 წელს იმპერატორმა ტრაიანემ(98-117) ბრძანა, სკვითებზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მთელს ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ. 107 წელს სომხებისა და პართების წინააღმდეგ სალაშქროდ მიმავალმა იმპერატორმა გზად ანტიოქიაზე გაიარა. ანტიოქიის ეკლესია დევნისა და რბევისგან რომ დაეცვა, წმიდა მღვდელმთავარი თავად გამოცხადდა უსჯულო ხელისუფალთან. ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი სიხარულით შეხვდა განაჩენს. ნეტარი ეგნატე სხვა პყრობილ აღმსარებლებთან ერთად ათი მხედრის თანხლებით გაამგზავრეს სასჯელის აღსრულების ადგილისკენ. გზაზე უამრავი ტანჯვა და დამცირება გადაიტანა წმიდა მღვდელმთავარმა. ქალაქ სმირნაში უფლის რჩეული შეხვდა თავის მეგობარს, ეპისკოპოს პოლიკარპე  სმირნელს. აღმსარებლის მოსანახულებლად, ნუგეშისსაცემად და მისდამი სიყვარულის გამოსახატავად აქ ჩავიდნენ ასიის სხვა ეკლესიის წარმომადგენლებიც.

ეგნატე ღმერთშემოსილი ხედავდა, , თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მართლმორწმუნეები, როგორ წუხდნენ მისი მოახლოებული აღსასრულის გამო და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოინდომესო. ამიტომ წმიდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა:“ მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან... ნებსით მოვკუდები მე ღმერთისათვის, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაიცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასაც და მაცადეთ მე, რაითა ვიქმნე მხეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხვევაი ღმრთისაი“.

რომაელი ქრისტიანები დიდი სიხარულით შეხვდნენ უფლის რჩეულს. წმიდა ეგნატემ სასოებით მოიყარა მუხლი და სხვა მორწმუნეებთან ერთად მხურვალედ ილოცა ეკლესიისათვის, ურთიერთარს შორის სიყვარულისთვის და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტისათვის. 20 დეკემბერს, წარმართულ დღესასწაულზე, ეგნატე ცირკის არენაზე გაიყვანეს. მან შემოკრებილ რომაელებს მიმართა:თქვენ იცით, რომ სიკვდილით ვისჯები არა ბოროტმოქმედებისათვის, არამედ ჩემი ერთი ღმერთის გამო, რომლის სიყვარულსაც მოვუცვივარ და რომლისკენაც ვისწრაფვი, „იფქლი ვარ მე ღმრთისაი და კბილთა მხეცთათა დავიფქვი, რაითა ვიქცე მე პურ წმიდა ღმრთისა“. ამ სიტყვების წარმოთქმა და გააფთრებული მხეცების გამოშვება ერთი იყო. გადმოცემით, სასიკვდილოდ მიმავალი წმიდა ეგნატე დაუდუმებლად იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. როცა მას ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, ნეტარმა უპასუხა, ამ სახელს გულით ვატარებ, და ვინც გულშია აღბეჭდილი, ბაგეებითაც მას ვაღიარებო. როცა წმიდანი ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა. წარმართებმა გაჭრეს იგი და ნახეს, რომ მის შიდა მხარეზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული:“იესო ქრისტე“.

მეუფის საოცარი აღსასრულის შესახებ რომ შეიტყო, ტრაიანემ ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს(ამის შესახებ იხილეთ 20 იანვრის საკითხავში), შემდეგ კი პატივით დააბრუნეს უკან.