მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ფლოროსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ფლოროსი, ამიელი ეპისკოპოსი მართლმორწმუნე მშობლების, ფლოროსისა და ეფემიას ძე იყო. წმიდანმა კარგი განათლება მიიღო, რის შემდეგაც ბიზანტიის იმპერატორის კარზე დაიწყო სამსახური და პატრიციუსის ხარისხს მიაღწია. ფლოროსი დაქორწინდა და შვილებიც ჰყავდა, მაგრამ მთელი მისი ოჯახი ყვავილმა იმსხვერპლა. ნეტარი განერიდა ამ სოფელს და კონსტანტინოპოლის გარეუბანს მიაშურა, სადაც კეთილმსახურებით ცხოვრობდა მარტოობაში. მოგვიანებით წმიდა ფლოროსი ამიის(მცირე აზია) ეპისკოპოსად აირჩიეს. უფლის რჩეული ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მე-7 საუკუნის დასაწყისში მშვიდობით მიიცვალა.

ღირსი მიქაელ აღმსარებელი იერუსალიმში დაიბადა, ქრისტიანულ ოჯახში და სიჭაბუკეშივე ბერული ღვაწლისთვის გადადო თავი. მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანის დედამ და დებმა მონასტერს მიაშურეს. ღირსი მიქაელი მღვდლად აკურთხეს. ნეტარმა მამამ სახელი გაითქვა, როდორც ძლიერმა მქადაგებელმა, ამიტომ იერუსალიმის პატრიარქმა თომამ იგი დაიახლოვა და სვინგელოზად (საეკლესიო მმართველობის საქმეთა გამგედ) დაადგინა. მასინ ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820) მეფობდა. პატრიარქმა მასთან ღირსი მიქაელი გააგზავნა წმიდა ძმებთან: თეოდორესთან (ხს.27 დეკემბერს) და თეოფანესთან (ხს.11 ოქტომბერს) ერთად, რათა უსჯულო ხელისუფალს შეეწყვიტა მართლმადიდებელთა დევნა. იმპერატორმა წმიდა მიქაელი აწამა და გადაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნებული წმიდა მამა იმპერატორმა თეოფილემ(829-842) ხატთა თაყვანისცემისთვის კვლავ საწამებლად გადასცა. წმიდა მიქაელის თანამოსაგრეებმა-წმიდა თეოდორემ და თეოფანემაც სასტიკი სატანჯველები დაითმინეს: ჯალათებმა მათ სახეზე გახურებული შანთებით შეურაცხმყოფელი წარწერები ამოტვიფრეს. ამის გამო ძმებს („გამომეტყველნი“) ეწოდათ. ხელმეორედ გასამართლებული წმიდა მიქაელი თავის მოწაფესთან, იობთან ერთად პავეიადის მონასტერში გაგზავნეს. თეოფანეს გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა თეოდორამ (842-855) ხატთაყვანისცემა აღადგინა, ხატმბრძოლთაგან დევნილი და გადასახლებული ქრისტიანები დააბუნა და წმიდა მიქაელს შესთავაზა, პატრიარქის ტახტი დაეკავებინა გადაყენებული მწვალებელი მღვდელმთავრის, იოანე გრამატიკოსის ნაცვლად. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა , მაშინ ეკლესიის მესაჭედ მღვდელმთავარი მეთოდე დაადგინეს.

ნეტარი მიქაელ აღმსარებელი სიკვდილის დღემდე სვინგელოზად მსახურობდა. 845 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.