მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოდესტოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოდესტოსი -იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი კაბადოკიიის სებასტიაში (მცირე აზია) დაიბადა, ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდანვე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისაკენ და, როცა ჟამმა უწია ბერად აღიკვეცა. შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმიდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო პალესტინაში. ამ დროს სირიასა და პალესტინას თავს დაესხნენ სპარსელები, 90000 ქრისტიანი ამოხოცეს და მართლმადიდებლური ტაძრები დაანგრიეს. მტერმა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ და მრავალ სხვა ქრისტიანთან ერთად იერუსალიმის პატრიარქი ზაქარიაც დაატყვევა. ამის შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის გამგებლობა დროებით წმიდა მოდესტოსს დაევალა.

ნეტარმა მოდესტოსმა ალექსანდრიის პატრიარქის, იოანე მოწყალის(ხს.1 ნოემბერს) დახმარებით აღადგინა დანგრეული ქრისტიანული ტაძრები. მან პატივით დაკრძალა დახოცილი ბერები საბა განწმენდილის ლავრიდან... 14 წლის შემდეგ პატრიარქი ზაქარია ტყვეობიდან დაბრუნდა და თან ცხოველმყოფელი ძელიც ჩამოასვენა. მისი მიცვალების შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრად წმიდა მოდესტოსი დაადგინეს. უფლის რჩეული 634 წელს მიიცვალა, 97 წლის ასაკში.