მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე სებასტიანე
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე სებასტიანე  გალიის ქალაქ ნარბობში დაიბადა, განათლება კი მედაიოლანში მიიღო. თანამმართველი იმპერატორების:დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს(284-305) დროს იგი სასახლის მცველთა რაზმს ედგა სათავეში. ახოვანი და ბრძენი სებასტიანე ყველას ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა. იგი ფარულად აღიარებდა მაცხოვარს და ბევრს იღწვოდა ქრისტესმიერი ძმების დასახმარებლად. საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიან ძმებს-მარკელინეს და მარკოზს, რომლებიც თავდაპირველად მხნედ აღიარებდნენ ქრისტეს, წარმართი მშობლების: ტრანკვილინესა და მარკიას, მეუღლეებისა და შვილების ცრემლიანმა მუდარამ ქრისტესათვის წამების სურვილი გაუნელა. მაშინ წმიდა სებასტიანე მივიდა მეფის ხაზინდარის-ნიკოსტრატეს სახლში, სადაც ციხიდან გათავისუფლებული ძმები იმყოფებოდნენ. საღმრთო მადლით გაბრწყინებულმა, განამტკიცა ისინი და კვლავ მოწამებრივი აღსასრულის სურვილი გააღვიძა მათში. მისმა სიტყვებმა იქ მყოფებზეც იმოქმედა. მათ ცხადად იხილეს, რომ წმიდანს არაამქვეყნიური სინათლით გაუბრწყინდა სახე, შემდეგ კი 7 ანგელოზი მიეახლა მას და სპეტაკი სამოსით შემოსა. ნიკოსტრატეს ექვსი წლის წინ დამუნჯებული მეუღლე ზოია ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს, თაყვანი სცა მას და განიკურნა. ზოიამ თქვა, რომ იხილა ანგელოზი გაშლილი წიგნით, საიდანაც სებასტიანე ქადაგებას კითხულობდა.

ნიკოსტრატემ და მისმა მეუღლემ ნათლისღება ითხოვეს. წმიდა  სებასტიანემ ნიკოსტრატეს ურჩია, ისე მოეწყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მონათლულიყო. მაშინ ამ უკანასკნელმა რომის ციხეების უფროსს კლავდიოსს სთხოვა, ყველა პატიმარი მის სახლში გაეგზავნა. პყრობილებთან საუბრისას სებასტიანე დარწმუნდა, რომ ყველანი ნათლისღების ღირსნი იყვნენ და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა. მამა პოლიკარპემ დამოძღვრა კათაკმეველები, მარხვა დაუწესა და გადაწყვიტა, წმიდა საიდუმლო საღამოს აღესრულებინა.

ამასობაში კლავდიოსმა ნიკოსტრატეს აუწყა, რომ რომის ეპარქი აგრესტიუსი მას თავისთან იხმობდა იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით გადაიყვანეს ტუსაღები მის სახლში. ნიკოსტრატემ კლავდის თავისი მეუღლის განკურნების შესახებ მოუთხრო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სებასტიენეს სნეულებით გვემული თავისი ძე- სიმფორიანე მიჰგვარა. საღამოს წმიდა პოლიკარპემ მონათლა მარკელინე, მარკოზი და მამა მათი ტრანკვილინე, ნიკოსტრატე ოჯახით, კლავდიოსი, მისი ძეები და გარდა ამისა, 16 მსჯავრდებული. ტრანკვილინე უკვე ძალიან მხცოვანი და დასნეულებული იყო. ნათლისღების წინ პოლიკარპემ მას ჰკითხა:“ გწამს, თუ არა, რომ მხოლოდშობის ძეს ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს შეუძლია, ჯანის სიმრთელე დაგიბრუნოს და ცოდვები მოგიტევოს?“ ტრანკვილინემ მიუგო:“მრწამს, რომ ქრისტეს, ძეს ღვთისას და უფალს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთს ვითხოვ მისგან-შეცოდებათა მიტევებას, ჩემს სნეულებაზე კი არც ვფიქრობ“. ნათლობის საიდუმლოს დაწყებისთანავე ტრანკვილინე სრულიად განიკურნა. ეპარქის წინაშე წარმდგარმა ნიკოსტრატემ მოუთხრო მას, თუ როგორ მოაქცია ისინი სებასტიანემ ქრისტეს სარწმუნოებაზე. ნიკოსტრატეს სიტყვებმა აგრესტიუსსაც შეურყია რწმენა წარმართული ღვთაებებისადმი. მან სებასტიანეს და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა, მოუსმინა მათ დამოძღვრას, რის შემდეგაც აღიარა ქრისტე და მოინათლა. ეპარქთან ერთად ნათელიღო მთელმა მისმა სახლეულმა, მათ შორის ძემ-ტიბურტიმაც. ახალმოქცეულთა რიცხვი 1400-მდე გაიზარდა. ქრისტიანთა რჩევით აგრესტიუსი თანამდებობიდან გადადგა. ამ დროს რომის ეპისკოპოსი იყო წმიდა გაიოზი(შემდგომ, 283-296 წლებში-რომის პაპი; ხს. 11 აგვისტოს); მან აგრესტიუსი აკურთხა, რომ პოლოკარპესთან ერთად თავის მამულებში გამგზავრებულიყო იმ ქრისტიანებთან ერთად, რომელთაც მოწამეობის ძალა არ შესწევდათ. აგრესტიუსის ძეს, ტიბურტის სურდა, სისხლი დაეთხია ქრისტესთვის და რომში დარჩა, სებასტიანესთან. მასთან დარჩნენ აგრეთვე მღვდელმთავარი გაიოზი, ხუცესი ტრანკვილინე, დიაკვნები მარკელინე და მარკოზი, ნიკოსტრატე, მისი მეუღლე ზოია და ძმა კასტორი, კლავდი, ძე მისი სიმფორიანე და ძმა ვიქტორინე. წმიდანები იმპერატორის სასახლეში შეიკრიბნენ ერთ-ერთ მდიდარ და ფარულ ქრისტიან კასტულთან და მოწამებრივი აღსასრულისათვის დაიწყეს მზადება.

წარმართებმა პირველად ზოია შეიპყრეს. საპყრობილეში ჩააგდეს, ექვსი თვის განმავლობაში ტანჯავდნენ, შემდეგ კი თმებით დაკიდეს, მყრალი ბოლით გაგუდეს და მდინარე ტიბრში გადააგდეს. ქრისტეს ტარიგი საღვთო ხილვაში ეჩვენა წმიდა სებასტიანეს და თავისი აღსასრული ამცნო. ნეტარი ზოიას შემდეგ ხუცესი ტრანკვილინე აწამეს: წარმართებმა იგი ქვებით ჩაქოლეს პეტრე მოციქულის საფლავთან, შემდეგ კი მისი წმიდა ცხედარიც ტიბრში მოისროლეს. წმიდა ნიკოსტრატე, კასტორი, კლავდიოსი, ვიქტორინე და სიმფორიანე მდინარის ნაპირას შეიპყრეს, როცა ისინი მოწამეთა ცხედრებს ეძებდნენ. უფლის რჩეულები ეპარქს მიჰგვარეს. უღმრთო ხელისუფალმა მათ კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ყველანი, ყელზე ლოდგამობულნი, ზღვაში დაახრჩო. წმიდა ტიბურტი ერთმა ცრუქრისტიანმა, ტორკვატმა გასცა. მსაჯულმა ვერ მოახერხა ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა პირმშვენიერი ჭაბუკი, რის შემდეგაც მისი გავარვარებულ მუგუზლებზე დაყენება ბრძანა. უფალმა დაიცვა თავისი რჩეული:ტიბურტი ნაკვერცხლებზე ისე დადიოდა, რომ ვერანაირ მხურვალებას ვერ გრძნობდა. ბოლოს ჯალათებმა მას თავი მიჰკვეთეს.