მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე მეუდაბნოე
#წმინდათა ცხოვრება

ქრისტიანთა დევნის დროს ღვთისმოსავი ქვრივი იულიანა მცირეწლოვან შვილებთან, იოანესა და თემესტიასთან ერთად ემალებოდა წარმართებს. დედა შვილებს ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვას ასწავლიდა. დროდადრო ყრმა იოანე დადიოდა ახლომდებარე მონასტერში. ერთხელ, იოანეს ერთმა ქრისტიანმა ურჩია ლოცვისთვის უფრო განმარტოებული ადგილი მოეძებნა. შვილი დედას გამოეთხოვა და მეუდაბნოე თარმუნისთან წავიდა და მისი კურთხევით უდაბნოში განმარტოვდა. ახალგაზრდა მოწამემ უდაბნოში ქვეწარმავლებით სავსე ჭა იპოვა, ილოცა და შიგ ჩავიდა. ჭის ფსკერზე უსმელ-უჭმელმა 40 დღე ლოცვაში გაატარა. შემდეგ ახალგაზრდა მეუდაბნოეს მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. ბოროტი სულები იღებდნენ დედის, დის, ნათესავების, ნაცნობების სახეს და ევედრებოდნენ, ჭიდან ამოსულიყო. ამ დროს წმიდა იოანე ლოცულობდა და ბოროტი სულებიც ქრებოდნენ.

ღირსი იოანე სიცოცხლის ბოლომდე ჭაში ცხოვრობდა. მასთან ანგელოზებს მიჰქონდათ საზრდელი. მისი გარდაცვალება გამოეცხადა ბერ ქრისიხიოსს, რომელიც 30 წელი ცხოვრობდა უდაბნოში. წმიდა იოანეს განსასვენებელ ადგილას მრავალი სასწაული აღესრულა.