მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი.
#წმინდათა ცხოვრება

ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა. ამის შემდეგ მან დატყვევებულთაგან „ ხილვით შუენიერი“ და გულისხმიერი ჭაბუკები გამოარჩია, განსაკუთრებული მზრუნველები მიუჩინა და ქალდეურ მწიგნობრობაში განსწავლა და მეფის კარზე ფუფუნებაში აღზრდა ბრძანა. ტყვეებს შორის იყვნენ წარჩინებული ყმაწვილები-დანიელი, ანანია, აზარია და მისაელი, რომელთაც საჭურისმთავრმა ბალთაზარი, სედრაქი, მისაქი და აბედნაქო დაარქვა. ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ დაშორებოდნენ, ყრმებმა მკვეთრად შემოიზღუდეს თავი საცთურთაგან: მხოლოდ მწვანილეულობასა და წყალს ღებულობდნენ, ფარულად ლოცულობდნენ და მოსეს სჯულს ერთგულებდნენ. ამისთვის ჭაბუკებს ზეგარდმო სიბრძნე მიემადლათ.  ერთხელ ნაბუქოდონოსორმა შემაძრწუნებელი სიზმარი იხილა, მაგრამ გაღვიძებისთანავე გადაავიწყდა. ბაბილონელი ბრძენები უძლურნი აღმოჩნდნნენ, შეეტყოთ რა დაესიზმრა მეფეს. წმიდა წინასწარმეტყველმა დანიელმა ყველას წინაშე ადიდა ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, რომელმაც არა მარტო სიზმრის შინაარსი, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობაც განუცხადა. მეფემ დანიელი უხვად დაასაჩუქრა და ბაბილონის მმართველად დანიშნა. მალე მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი ჩამოასხმევინა, დეირის ველზე დადდგმევინა და ქვეშევრდომებს მისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ამ ბრძანების შეუსრულებლობისათვის სამი ყრმა- ანანია, აზარია და მისაელი გახურებულ ღუმელში შეყარეს. ღუმელში 49 წყრთით აღმატებულ ცეცხლში წმიდა ჭაბუკები მშვიდობით დადიოდნენ  და გალობით ადიდებდნენ ღმერთს. ზეციდან გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა სახმილი განაგრილა, ყრმები კი უვნებელნი დარჩნენ. ამის დანახვაზე მეფემ მათ უბრძანა, გამოსულიყვნენ ღუმელიდან და თვითონაც აღიარა ღმერთი. მეფე ბალთაზარის ზეობისას წმიდა დანიელმა განმარტა უცნაური წარწერა („მანე, თეკელ, ფარეს“), რომელიც სასახლეში გამართული დიდი წარმართული ნადიმის დროს გაჩნდა კედელზე და ბაბილონის სამეფოს დაცემას მოასწავებდა. სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობისას მოშურნეენისაგან დასმენილი დანიელი ლომების ბუნაგში გამოამწყვდიეს, მაგრამ მხეცები არც გაჰკარებიან უფლის რჩეულს. დარიოსი გაახარა წმიდანის გადარჩენამ და ბრძანა, მთელს სამეფოში ძრწოლითა და შიშით ეცათ თაყვანი დანიელს ღმერთისათვის, „რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუნეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე“.

ნეტარ დანიელს უფალმა ისრაელის და მთელი სამყაროს მომავალი განუცხადა. მან ზედმიწევნითი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ქრისტეს განკაცების ჟამიც-სამოცდაათგზის შვიდი, ე.ი. 490 წელი იმ დროიდან, როცა იუდეველები იერუსალიმის გალავნის აღდგენის ნებას მიიღებდნენ. წმიდა დანიელმა თავის ერს უშუამდგომლა დარიოსის მემკვიდრესთან, მეფე კიროსთან, რომელიც დიდად აფასებდა ნეტარს და ტყვექმნილი იუდეველები გაათავისუფლა, თავად წინასწარმეტყველი კი ტყვეობაში გარდაიცვალა. წმიდა ელენე დედოფალმა მისი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენა.

ერთი ცნობით, ანანიამ, აზარიამ და მისაელმა დანიელის მსგავსად დაასრულეს სიცოცხლე, კირილე ალექსანდრიელის (ხს.9 ივნისს) მოწმობით კი მათ სპარსეთის მეფის, კიმბიზის ბრძანებით თავები მოჰკვეთეს. სინას მთის ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს ცნობა იმის შესახებ, რომ ვარამის სპარსთა მეფის ზეობისას მომხდარა ანანიას, აზარიას და მისაელის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება: ბაბილონში მცხოვრები ერთი ებრაელი, რომელმაც გადმოცემით იცოდა, თუ სად იყო დაფლული ეს სიწმიდეები, მათი ძალით უამრავ კურნებას აღასრულებდა. ღვთის განგებით, ქრისტიანებმა იუდეველებისგან წამოიღეს უხრწნელი ნაწილები და მართლმორწმუნეთა თაყვანსაცემად პატივით გადააბრძანეს სამარტვილეში.