მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ბოიან ბულგარეთის მთავარი.
წმიდა მოწამე ბოიან ბულგარეთის მთავარი(830).

როდესაც ბულგარეთის ტახტზე ბოიანის ძმა, წარმართი მოლომირი(ვლადიმერი) ავიდა, ბოიანმა მას ქრისტიანი კონამონის განთავისუფლება მოსთხოვა. კომანონი დიდხანს იტანჯებოდა საპყრობილეში კერპთაყვანისცემაში მონაწილეობაზე უარის თქმისათვის. ძმამ ბოიანს თხოვნა შეუსრულა.

ხანგრძლივი საუბრის დროს განათლებულმა ქრისტიანმა წარმართ მთავარს აუხსნა კერპთაყვანისმცემლობის სიცრუე და ცხონებისათვის ქრისტეს რწმენის აუცილებლობა. კონამონის მადლმოსილი ქადაგების შემდეგ, წმიდა ბოიანმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ახალმოქცეული კეთილმსახური მთავარი მარხვასა და ლოცვას მიეცა. მალომირმა ძმას მოსთხოვა, კერპთაყვანისმცემლობას დაბრუნებოდა. წმიდა მთავარმა უდრტვინველად უპასუხა:“ ვაღიარებ ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს. არავის ძალუძს განმაშოროს მაცხოვრის სიყვარულს“. მალომირმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ძმას. მოწამეობრივი აღსასრულის (830) წინ კეთილმსახურმა მთავარმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანობა მთელ ბულგარეთში გავრცელდებოდა, აშენდებოდა ქრისტიანული ტაძრები, ხოლო კერპები და სამსხვერპლოები შეიმუსრებოდა. ძმას კი უთხრა:“ შენი სისასტიკის გამო სიკვდილით დაისჯები“.

წმიდა მოწამის წინასწარმეტყველება ყველაზე ადრე საკუთარ ძმაზე ახდა. მალე მალომირი გარდაიცვალა.მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ ტახტზე უფროსი ძმა პერსიანე (836-852) ავიდა. შემდეგ პერსიანეს ძემ, წმიდა მოციქულთასწორმა ბორისმა, ნათლისღებით მიხეილმა(ხს.2 მაისს), მთელი ბულგარელი ხალხი განანათლა. ასე აღსრულდა წმიდა მოწამე ბოიანის ეს წინასწარმეტყველებაც.