მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: კიკილია (ცეცილია), ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: კიკილია (ცეცილია), ვალერიანე, ტიბურტი და მაქსიმე. წმიდა მოწამე კიკილია მდიდარი და დიდებული წარმართების ასული, სიყმაწვილეშივე შეუდგა ქრისტეს. მდიდრული ტანსაცმლის ქვეშ  წმიდანს ჯვალოს სამოსი ეცვა. მშობლებმა გადაწყვიტეს, ქალწული დიდებულ წარმართის, ვალერიანესთვის მიეთხოვებინათ. წმიდანმა ვერ გაბედა მშობლების ნებას წინ აღდგომოდა, მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მისი საქმრო ქრისტიანობაზე მოექცია, თავად მას კი უბიწოების დამარხვაში შეწეოდა. წმიდანმა ვალერიანე ეპისკოპოს ურბანოსთან მისვლაზე დაიყოლია, რომელიც ქრისტიანთა დევნის გამო მღვიმეს აფარებდა თავს. ბრძენი მოძღვარის ქადაგების გავლენით წმიდა ქალწულის წარმართმა საქმრომ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და თავისი ძმა, ტიბურტიც მოაქცია მაცხოვრის სარწმუნოებაზე. როცა მმართველმა ამაქმა ამის შესახებ შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ და სამსჯავროზე წარედგინათ წმიდა ძმები. მან ვალერიანესა და ტიბურტის ქრისტეს უარყოფა და წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლს შეწირვა მოსთხოვა, რაზეც მათ უარით უპასუხეს. მაშინ მოწამეები სასტიკად გვემეს. წამების დროს ვალერიანე ქრისტიანებს მოუწოდებდა, სატანჯველების არ შეშინებოდათ და მტკიცედ დაეცვათ ქრისტეს სარწმუნოება.

მმართველმა, რომელსაც სურდა, რომ ხალხი წმიდა აღმსარებელის ქადაგების ზემოქმედებისათვის განერიდებინა, ბრძანა, მოწამეები ქალაქგარეთ დაესაჯათ სიკვდილით. მეომართა რაზმს, რომელსაც უკანასკნელ გზაზე მიმავალი უფლის რჩეულების დაცვა დაევალა, მაქსიმე წინამძღვრობდა. იგი გააოცა მარტვილების სიმტკიცემ და ჰკითხა მათ, რატომ არ ეშინოდათ სიკვდილის. წმიდანებმა მიუგეს, რომ ისინი დროებით ცხოვრებას მარადიული ცხოვრებისთვის თმობდნენ. მაქსიმეს აღეძრა სურვილი, უფრო საფუძვლიანად გასცნობოდა ქრისტიანთა სწავლებას. წმიდა ძმების ქადაგების შემდეგ მაქსიმემ მთელი სახლეულით აღიარა ქრისტე. მეორე დღეს ვალერიანესა და ტიბურტის თავი მოჰკვეთეს. მაქსიმემ საჯაროდ განაცხადა, რომ ისიც ქრისტიანი იყო, ამგვარი კადნიერებისთვის იგი სულის ამოხდომამდე გვემეს (230). მმართველს სურდა, სიკვდილით დასჯილთა ქონება მიეთვისებინა,მაგრამ როცა შეიტყო, რომ წმიდა კიკილიას უკვე გლახაკებისთვის დაერიგებინა ყველაფერი და თავისი ქადაგებით 400 კაცი მოექცია ქრისტიანობაზე, მისი სიკვდილით დასჯაც ბრძანა.