მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება.
#წმინდათა ცხოვრება

ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, რომ შვილი არ გასჩენიათ. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შვილიერებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ თხოვნა შეუსრულდებოდათ, შვილს ღმერთს შესწირავდნენ.ზეცათა მეუფემ შეისმინა მართალი მეუღლეების ლოცვა და მათ ასული უბოძა.

როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ და ანამ აღთქმა შეასრულეს: უხმეს ნათესავ-ახლობლებს, ყოვლადწმიდა ასული საუკეთესო სამოსელით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. აქ მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია  შეეგება მღვდელმთავართა სიმრავლის თანხლებით. ტაძარს თხუთმეტ საფეხურიანი კიბე ჰქონდა. მისი ავლა ყრმას თავისით  თითქოს არ შეეძლო, მაგრამ როცა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან,  ღვთის მადლით ფრთაშესხმულმა, დანარჩენი 14 საფეხურიც სწრაფად აირბინა და ტაძარში შევიდა.ზეგარდმო  შთაგონებით მღვდელმთავარმა ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც წელიწადში ერთხელ. ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა და ემსახურებოდა სნეულებს. თავის ულუფა საზრდელს ყოვლადწმიდა მარიამი  გლახაკებს აძლევდა. თვითონ კი „ მიიღებდა საზრდელს ხელითა ანგელოზისაითა“. ეკლესია ასე განადიდებს ამ დღესასწაულს: „ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა... დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღვთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცითა“.