მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა პროკლე-კონსტანტინიპოლელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა პროკლე-კონსტანტინიპოლელი მთავარეპისკოპოსი სიყმაწვილიდანვე მთელ დროს ლოცვასა და წმიდა წერილის შესწავლას ახმარდა. უფალმა იგი ღირსი გახადა წმისა იოანე ოქროპირის(407;ხს 13 ნოემბერს) მოწაფეობისა, რომელმაც ნეტარი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი-მღვდლად. წმიდა პროკლემ უფლის დაშვებით საკუთარი თვალებით იხილა, თუ როგორ ეცხადებოდა პავლე მოციქული წმიდა იოანე ოქროპირს მის ეპისტოლების თარგმნების წერისას. თავისი წმიდა მოძღვრის დახმარებით პროკლემ საოცრად გაიღრმავა საღვთო წერილის ცოდნა და ნააზრევის სრულყოფილი ფორმით გადმოცემის უნარიც შეიძინა.

იოანე ოქროპირის გადასახლებისა და გარდაცვალების შემდეგ კონსატნტინოპოლის წმიდა   სისინიოსმა (426-427) პროკლეს ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მაგრამ ერეტიკოს ნესტორიანელების გავლენით იგი ეპარქიიდან განდევნეს და პროკლე დედაქალაქში დაბრუნდა. წმიდა მწყემსთმთავარი კონსტანტინოპოლის ტაძრებში ქადაგებდა, მრევლს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცებდა და უშიშრად ამხელდა უსჯულო მწვალებლობას.

პატრიარქ  სისინიოსის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პროკლე აღასაყდრეს. ნეტარი მამა 12 წლის მანძილზე (434-447) მესაჭეობდა კონსტანტინოპოლოის ეკლესიას. მისი ძალისხმევით წმიდა მეფის, თეოდოსი მე-2-ის (408-450) ზეობის ჟამს იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები კომანიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

პროკლეს პატრიარქობისას იმპერიას თავს დაატყდა გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ბითვინიაში, ჰელესპონტში, ფრიგიაში მთელი ქალაქები ინგრეოდა, მდინარეები მიწის ქვეშ იკარგებოდა, ოდესღაც უწყლო ადგილებში კი დამღუპველი წყალდიდობები ხდებოდა. კონსტანტინოპოლელები პატრიარქისა და იმპერატორის წინამძღვრობით გადიოდნენ ხოლმე ქალაქიდან, პარაკლისებს აღასრულებდნენ და უფლისაგან ამ არნახული უბედურების შეწყვეტას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ასეთი პარაკლისის დროს უჩინარმა ძალამ ერთი ბიჭუნა ჰაერში აიტაცა. შემდგომ ყმაწვილი სრულიად უვნებელი დაბრუნდა მიწაზე და შემოკრებილებს ამცნო, რომ მან იქ, მაღლა ნახა და გაიგონა ანგელოზებრივი საგალობელი: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო“. სიწმიდის საგალობელი მთელმა ხალხმა აიტაცა, თან დაამატა: „შეგვიწყალენ ჩუენ“ და მიწისძვრაც შეწყდა. აქედან მიეცა დასაბამი ამ ლოცვას რომელიც ყველა ღვთისმსახურების განუყოფელ ნაწილად იქცა. საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით მოსული პატრიაქრქი ღრმად მოხუცებული მიიცვალა 446-447 წლებში.