მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ლაზარე ხატმწერი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ლაზარე ხატმწერი სიყმაწვილიდანვე შეუდგა მონაზვნურ ცხოვრებას. იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, გამუდმებით მარხულობდა და ლოცულობდა, ამასთან, საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა. ღვთივსათნო ღვაწლისა და კეთილმსახური ცხოვრებისათვის ლაზარე მღვდლად აკურთხეს. უფლის რჩეულ ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხატმწერი. ამისთვის ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს(829-842) დროს იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს. ნეტარს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ იმპერატორ თეოდორას (842-855) ჩარევით გადაურჩა დასჯას. ღირსი ლაზარე მშვიდობით მიიცვალა 857 წელს, როცა პაპ ბენედიქტე მე-3-სთან (855-858) საეკლესიო საქმეებზე გაგზავნილ ელჩობასთან ერთად რომიდან ბრუნდებოდა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის (ხს.16 ივლისს) ძმა, დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი. ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში მიიყვანეს, მმართველ აგრიპინას სამსჯავროზე. მსაჯული თავდაპირველად ეცადა, დაეყოლიებინა წმიდანი ქრისტეს უარყოფაზე-არწმუნებდა, თუ წარმართულ ღმერთებს სცემდა თაყვანს, სიბრძნით თვით დიდ ფილოსოფოს პლატონს გაუტოლდებიო. ამაზე წმიდა პლატონმა უპასუხა, ფილოსოფოსის სიბრძნე დიდია, მაგრამ წარმავალი და შეზღუდული; ჭეშმარიტ, მარადიულ და უსაზღვრო სიბრძნეს კი მხოლოდ სახარებისეული სწავლება შეიცავსო. მსაჯულმა წმიდანს მაცხოვრის უარყოფის ფასად თავისი მომხიბლავი ასულ შესთავაზა ცოლად, ურჩობის შემთხვევაში კი წამებითა და სიკვდილით დაემუქრა. ნეტარმა პლატონმა მიუგო, წარმავალ სიკვდილს ვირჩევო საუკუნო სიცოცხლისათვის. განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ჯერ დაუნდობლად ეგვემათ წმიდანი, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაეგდოთ. ციხის კარებთან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ მართლმორწმუნეებიც, რომელთაც უფლის რჩეულმა ხმამაღლა მიმართა: „იცოდეთ, ძმებო, მე რაიმე დანაშაულისთვის კი არ ვიტანჯები, არამედ მთელი სამყაროს შემოქმედი ჭეშმარიტი ღმერთის აღსარებისათვის. გევედრებით, ქრისტიანებო, ნუ შეგაძრწუნებთ ჩემი წამება; „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, და ყოვლისაგან იხსნეს იგინი უფალმან“; მტკიცედ ვსდგეთ სარწმუნოების შეურყეველ კლდეზე და ღვთისმოსაობისათვის ტანჯვა ნუ შეგვაშინებს, რადგან ამ წარმავალი ჟამის ვნებანი ვერ შეედრება ჩვენთვის განმზადებულ დიდებას“.

ერთი კვირის შემდეგ წმიდა პლატონი კვლავ აგრაპინას სამსჯავროზე მიიყვანეს ზევსის ტაძარში, სადაც უკვე განმზადებული იყო წამების იარაღები: მდუღარე ქვაბები, გახურებული რკინის სარეცელი, ბასრი კავები... წმიდანს შესთავაზეს, ან მსხვერპლი შეეწირა კერპისათვის, ან ამ იარაღების მოქმედება საკუთარ თავზე გამოეცადა. ნეტარმა მარტვილმა ამჟამადაც მტკიცე უარი განაცხადა მათი მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ მას კვლავ სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი საკანში ჩააგდეს და 18 დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. როცა უსჯულოებმა იხილეს, რომ ამჯერადაც ვერ მოდრეკდნენ წმიდანის ნებას, მას მზაკვრული წინადადება წაუყენეს-სიცოცხლე და თავისუფლება აღუთქვეს, თუ წარმოთქვამდა: „დიდ არს უფალი აპოლონი“. „სიტყვითაც არ მსურს შევცოდო“, -უპასუხა მხნე აღმსარებელმა. მტარვალის ბრძანებით ნეტარ პლატონს თავი მოჰკვეთეს(302 ან 306).