მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოციქული და მახარობელი მათე
#წმინდათა ცხოვრება

მოციქული და მახარობელი მათე, რომელსაც ლებეოსსაც უწოდებენ(მკ.2,14;ლკ.5-27), ალფესის (ხს.26 მაისს) ძე, ნაზარეთში დაიბადა. იგი მეზვერე იყო-ებრაელთაგან რომის ხელისუფლებისათვის ხარკს კრეფდა, რადგან ამ დროს უფლის რჩეული ერი რომის იმპერიას ჰყავდა დაპყრობილი. მეზვერეები, რომლებიც ვერცხლისმოყვარეობითა და სისასტიკით გამოირჩეოდნენ, იუდეველებს ძალიან სძულდათ და გამყიდველებად, სამშობლოსა და სჯულის მოღალატეებად მიაჩნდათ. იუდეველთა ცნობიერებაში სიტყვა „მეზვერე“ „ცოდვილს“, კერპმსახურს“ უტოლდებოდა; გადასახადების ამკრეფთან საუბარიც კი ცოდვად ითვლებოდა. იესო ქრისტემ კი, როცა მათე მეზვერე იხილა, მოუწოდა: „მომდევდი მე“ (მთ.9,9), და ისიც გაჰყვა მაცხოვარს. ქრისტემ და მისმა მოწაფეებმა მათეს მიწვევა არ იუკადრისეს, შევიდნენ მის ჭერქვეშ და ნათესავებსა და მეგობრებთან ერთად იტრაპეზეს. ამან განარისხა ფარისევლები და მწიგნობრები, რადგან მათ არ შეეძლოთ იმის გაგება, რომ უფალი არ მოსულა „წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა“(მთ.9,13) მათემ, რომელმაც შეიცნო საკუთარი ცოდვები, მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი სხვა მოციქულებთან ერთად ქრისტეს შეუდგა. წმიდანი უსმენდა თავისი ღვთაებრივი მოძღვრის დარიგებებს, ხედავდა მის ურიცხვ სასწაულს; თორმეტ მოციქულთა შორის ისიც დადიოდა საქადაგებლად, შორის „ ცხოვართა მათ წარწმედულთა სახლისა ისრაელისათა“(მთ.10,6), და მაცხოვრის ჯვარზე ვნების, სიკვდილის, ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლების მოწმეც შეიქმნა.

სულთმოფენობის დღეს უფლის სხვა რჩეულ მოწაფეებთან ერთად მათე მოციქულიც სულიწმიდის მადლმოსილი ნიჭებით აღივსო, იგი რვა წლის მანძილზე ქადაგებდა პალესტინაში. ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად შორეულ ქვეყნებში გამგზავრების წინ მან იერუსალიმში დარჩენილი იუდეველების თხოვნით დაწერა სახარება, რომელშიც აღბეჭდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრება და სწავლება.

ახალი აღთქმის წიგნებს შორის მათეს სახარება პირველ ადგილას დგას. როგორც ვარაუდობენ, წმიდა მოციქულმა იგი პალესტინაში დაწერა ქრისტეს შობიდან 42 წელს, ებრაულ ენაზე, საიდანაც მერე ბერძნულად ითარგმნა. მათე მოციქული ქადაგებდა ხალხში, რომელსაც მესიის შესახებ სრულიად გარკვეული წარმოდგენები გააჩნდა, ამიტომაც მის სახარებასი განსაკუთრებით იმაზე მახვილდება ყურედღება, რომ წინასწარმეტყველთაგან აღთქმული ჭეშმარიტი მესია სწორედ იესო ქრისტეა და სხვას არ უნდა მოველოდეთ. მათე მახარებელმა ქადაგებით შემოიარა სირია, მიდია, სპარსეთი, პართეთი და ბოლოს ეთიოპიაში მოწამეობრივად დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი. ამ ქვეყანაში ველური წეს-ჩვეულებებისა და ადათის მქონე ტომები, კანიბალები ცხოვრობდნენ. წმიდა მოციქულმა თავისი ქადაგებით აქ რამდენიმე კერპთაყვანისმცემელი ქრისტიანობაზე მოაქცია, ქალაქ მირმენაში ტაძარი ააგო, ეკლესია დაარსა და მის ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი-პლატონი დაადგინა.

მათე მახარებელი ევედრებოდა უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა ეთიპიელები. ერთხელ, ლოცვის დროს, მას თავად მაცხოვარი წარუდგა ჭაბუკის სახით, კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, იგი ტაძრის წინ დაენერგა. „ამ კვერთხიდან ხე ამოიზრდება და ნაყოფებს გამოიღებს, მისი ძირიდან კი წყარო აღმოცენდება. წყალში განბანვისა და ნაყოფთა ხმევის შემდგომ ეთიოპელები შეიცვლიან ველურ ზნეს და სახიერნი და მშვიდნი შეიქმნებიან“,-თქვა მან.

მათემ ქვეყნის მმართველის, ფულბიანეს ეშმაკეული ცოლი და ძე განკურნა, რომლებიც თან გაჰყვნენ წმიდანს. როდესაც პლატონ ეპისკოპოსმა ნეტარი მოციქულის მოსვლა შეიტყო, დაუყონებლივ მთელი კრებულითურთ გამოეგება მას. მათემ მირმენაში შესვლისთანავე აღასრულა ღვთის ბრძანება: ეკლესიასთან კვერთხი ჩაასო, რომელიც, მართლაც განედლდა, დიდ ხედ იქცა, ტოტები ფართოდ გაშალა და უხვი ნაყოფიც გამოიღო, მისი ფესვებიდან კი წმიდა წყალი გადმოდინდა. მთელი ქალაქი შეიკრიბა მომხდარი სასწაულის სახილველად. ხალხი წყაროს წყალს სვამდა, ხის ტკბილ ნაყოფებს გემოს უსინჯავდა, მათე მახარობელი კი მათ შემაღლებული ადგილიდან ღვთის სიტყვას უქადაგებდა. ყველა მსმენელმა ირწმუნა უფალი, რის შემდეგაც წმიდანმა ისინი სასწაულებრივ წყაროში მონათლა. ყველაზე ადრე ნათელ-იღეს მთავრის ცოლმა და შვილმა. ეს რომ ფულბიანემ გაიგო, მოციქულის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც კი მხედრების თანხლებით მიუახლოვდა ტაძარს, სადაც მათე სხვა მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უეცრად დაბრმავდა. წმიდა მოციქულის ლოცვით მთავარს თვალები აეხილა.  ფუბლიანემ მომხდარი მოციქულის გრძნეულებას მიაწერა და შეიპყრო იგი. ფუბლიანეს ბრძანებით უფლის რჩეული ჯერ პირქვე დააწვინეს, ხელ-ფეხი მიწაზე დაულურსმნეს, შემდეგ კი ფიჩხი, გოგირდი და კუპრი დააყარეს ზედ და ცეცხლი წაუკიდეს. როცა ალი მაღლა ავარდა, ყველამ იხილა, რომ მათეს ცეცხლი ვერაფერს ვნებდა. მაშინ ფუბლიანემ ცეცხლში ფიჩხისა და კუპრის ჩამატება ბრძანა და მის  ირგვლივ 12 კერპი დადგა- ფიქრობდა, რომ მათი ძალით წმიდანი უეჭველად ფერფლად იქცეოდა. ალმა ცრუღმერთების ქანდაკებები გაალღო, იქვე მდგომი მრავალი ურჯულოც შერუჯა, შემდეგ კი დამდნარი კერპებისაგან ცეცხლის გველი გადმოხტა და მთავარს ჩასაყლაპად გამოუდგა. სასოწარკვეთილი ფუბლიანე მათეს ევედრა, დაეხსნა სიკვდილისაგან. წმიდანმაც შერისხა ცეცხლი, ალი ჩააქრო და გველიც გაუჩინარდა. ფუბლიანეს მოციქულისთვის სანაცვლო პატივის მიგება სურდა, მაგრამ მათემ ლოცვა დაასრულა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (60).

მთავარი ეჭვებისგან მაინც ვერ განთავისუფლდა: მისი ბრძანებით, წმიდა მათეს ცხედარი რკინის ლუსკუმაში ჩადეს და ზღვაში ჩაუშვეს. ფულბიანეს აზრით, თუ მათეს ღმერთი მოციქულის ნეშტს წყალშიც ასევე უვნებლად დაიცავდა, როგორც ცეცხლში, მაშინ ჭეშმარიტად ის იქნებოდა ყოვლისშემძლე და შემოქმედი.

იმავე ღამეს ეპისკოპოს პლატონს მათე მოციქული ეცვენა და უბრძანა, ღვთისმსახურთა დასთან ერთად ზღვის ნაპირთან გასულიყო და მისი ცხედარი გამოესვენებინა. მღვდელმთავარს თან მთავარი ფულბიანეც გაჰყვა თავისი ამალით. მათ ნაპირზე გამორიყული ლუსკუმა გადააბრძანეს მოციქულის მიერ აგებულ ტაძარში. ფულბიანემ შენდობა სთხობა მათე მახარებელს, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა პლატონმა მონათლა იგი და ღვთის შთაგონებით მათე დაარქვა. მალე წმიდა ფულბიანე-მათემ დაუტევა ამქვეყნიური პატივი და მღვდლად ეკურთხა. პლატონ ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ მას მათე მოციქული გამოეცხადა და ეთიოპიის ეკლესიის წინამძღვრობა დაავალა. მათე-ფულბიანემ მღვდელმთავრის ხარისხში ბევრი იღვაწა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.