მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ალექსი (შუშანია)
ღირსი მამა ჩვენი ბერ-მონაზონი ალექსი (შუშანია) (1923)

წმიდა ალექსი(შუშანია) დაიბადა 1853 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში.7 წლის ასაკში ალექსი სკოლაში მიიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა სადაც თავად ვაჭრობდა.

ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა ეზრუნა ოჯახისთვის. ამ დროს მომავალი მღვდელ-მონაზონი 16 წლისა იყო.

ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმიდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.

ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა ისურვა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.

ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლიმცემელის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა:ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი, ბოლოს ალექსიმ იკითხა:“რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას?“, უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა:“ეხლა რომ მოკვდე ვინ გაარიგებს შენს საქმეს?“, ალექსიმ მიუგო-ღმერთი!“, კვლავ გაისმა ხმა:“მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს“.

ამის შემდეგ ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.

ალექსის ასეთმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ.

შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმები დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.

ალექსი თეკლათა დედათა მონასტერში ავიდა, საერო ტანსაცმელი განიძარცვა და ბერული მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლისა იყო.. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.

ასე განვლო რამდენიმე წელმა. ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონის(შუათანა და სოფიო, ღვთის განგებით ალექსიზე ადრე აღიკვეცა მონაზვნად თეკლათა დედათა მონასტერში). ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღწვოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად აკურთხეს და აქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე.

თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან დაბრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.

დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი ხელდასმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს-მღვდელ-მონაზვნად.

1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლეთა მონასტერში დაემკვიდრა თავის დედასა და დებთან ერთად.

ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გაუმჯობესდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შესძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილა ჰყოფდა:ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისთვის, მეორეს-ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი-დავრდომილთა და გლახაკთათვის.

1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა. მიუხედავად ალექსი ბერის მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღცაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს. ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა.

გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქიმმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქიმოსან აკეფსინასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.

ქრისტესმოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიამ წმიდა ბერი თეკლათა დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.

1960 წლის 8 იანვარს იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის(შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლეთის დედათა მონასტრიდან გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად. 2001 წელს წმიდა ალექსის საფლავზე პატარა ეკლესია აიგო.

წმიდა ათანასესა და კირილეს, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსების ხსენებას დედა ეკლესია ერთ დღეს განაჩინებს ნიშნად პატივისცემისა და მადლიერებისა იმ დაუცხრომელი ღვაწლისათვის, რომელსაც ისინი ეწეოდნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატების დასამტკიცებლად.