მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე გლახაკი (მეტალავრე)
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე გლახაკი (მეტალავრე) კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. მდიდარმა და დიდებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. მან გადაწყვიტა, უფლის მსახურებისთვის გადაედო თავი, ფარულად დატოვა სახლი, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და აქ მღვიძარეთა მონასტერში ბერად აღიკვეცა. ახალგაზრდა მოწესე გულმოდგინედ შეუდგა მსახურებას, ის აოცებდა საძმოს მუდმივი ლოცვით, უდრტვინველი მორჩილებით, მკაცრი თავშეკავებითა და მოთმინებით.

6 წლის შემდეგ იოანეს განსაცდელი დაატყდა თავს:მას განუწყვეტლივ აგონდებოდა მშობლები, მათი სიყვარული და ალერსი, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ დაამწუხრებდა მათ შვილის მოულოდნელი დაკარგვა. აზრებითა და წარმოდგენებით შეშფოთებული ბერი იმდენად მოუძლურდა, რომ უკვე სიკვდილის საფრთხის წინაშე დადგა. წმიდანმა თავისი სულიერი მდგომარეობა წინამძღვარს გაუმხილა და სავანის დატოვების ნებართვა სთხოვა. მანაც, სულიწმიდით შთაგონებულმა, მისცა კურთხევა. წასვლის წინ იოანე მხურვალედ ევედრა საძმოს, ელოცათ მისთვის, რადან იმედოვნებდა, რომ მათი ლოცვით ღმერთი წყალობის თვალით მოხედავდა:მშობლებსაც ნახავდა და ეშმაკის მზაკვრობასაც გადაურჩებოდა.

კონსტანტინეპოლში გლახაკის სამოსით დაბრუნებული იოანე საკუთარი სახლის ჭიშკართან დამკვიდრდა. წმიდანი ისე იყო შეცვლილი, რომ მშობლებმა ვერ იცნეს, მაგრამ გულმოწყალების გამო ისინი, ყოველდღე უგზავნიდნენ საზრდელს „უცნობ გლახაკს“.

სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა წმიდანი ტალავარში და მოთმინებით იტანდა ყოველგვარ გასაჭირს. ერთ დღეს იოანეს გამოცხადებით ეუწყა, რომ მისი ტანჯვის დასასრული მოახლოებული იყო და სამ დღეში წარსგებოდა უფლის წინაშე. მხოლოდ მაშინ განუცხადა წმიდანმა დედ-მამას საიდუმლო. წმიდა იოანეს უკანასკნელი სათხოვარი იყო იქ დაეკრძალათ, სადაც მისი ტალავარი იდგა და კუბოში თავისივე ძონძებით ჩაესვენებინათ.

25 წელს მიახლოებული წმიდა მამა მე-5 საუკუნის შუა წლებში აღესრულა. მის საფლავზე მშობლებმა ააგეს ტაძარი, რომელთანაც დავრდომილთა თავშესაფარიც დაარსეს. მე-12 საუკუნეში წმიდანის უხრწნელი თავი ჯვაროსნებმა ბეზანსონში(საფრანგეთი) წაიღეს, მისი წმიდა ცხედარი კი რომში განისვენებს.