მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე ჭყონდიდელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე ჭყონდიდელი დაიბადა მეათე საუკუნის პირველ ნახევარში. მის შესახებ ცნობები გვხვდება გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებაში: „ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისა“.

როგორც ჩანს, წმიდა იოვანე დაწინაურებულ ქართველ თავადიშვილთა გვარიდან იყო. იოვანე მისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ღმრთისმეტყველი და უდიდესი პატრიოტი იყო.

1050 წელს, წმიდა იოანე, ჯერ კიდევ ერისკაცობაში თავის ძმასთან, პეტრიკთან ერთად თან ახლდა საქართველოს მეფე ბაგრატ VI-ს (1072 წ.) და დედოფალ მარიამს კონსტანტინეპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომაქოსის კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმიდელს და დიდი შესაწირავი გაატანეს ათონზე, რისთვისაც იოვანეს და მის ძმას ივერონში აღაპი დაუწესეს.

იოანე 1054 წელს, ჯერ კიდევ ერისკაცი, აქტიურად მონაწილეობდა საერო და სასულიერო ცხოვრებაში. 1059 წელს წმიდა იოანემ მეფე ბაგრატ IV-ის დავალებით საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმიდელი, რომლის ინიციატივითაც იოანეს ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

იოანე ჭყონდიდელი 1061-65 წლიდან მთავარეპისკოპოსის ხარისხით განაგებს იმ დროისათვის უკვე საკმაოდ დაწინაურებელ ჭყონდიდის კათედრას. იგი აქტიურად ამოუდგა მხარში გიორგი მთაწმიდელს, საქართველოში იმ დროისათვის საკმაოდ დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში.

1065 წელს წმიდა იოანე, მის ძმასთან და ბედიელ მთავარეპისკოპოს იოანესთან ერთად თან ახლდა საქართველოს მეფის ასულ მართას კონსტანტინეპოლში. ამის შემდეგ, 1066-67 წლებში, იოანე ჭყონდიდელი კიდევ მიდის კონსტანტინეპოლშჲ ბიზანტიის იმპერატორთან, როგორც ბაგრატ მეფის წარმომადგენელი და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მღვდელმთავარი. ამ ელჩობის დროს იოანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცესმონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება. გიორგი ხუცესმონაზონი წმიდა იოვანეს მისი თხზულების ერთ-ერთ შემკვეთად ასახელებს: „ღმრთისმოყვარისაცცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა იოანეს ვიტყვი ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა... დიდად იძულებულ იქნა უღირსებაჲ ჩუენი... რათა ყოველი სახე აღსრულებისა და გასლვისა წმიდისა ამის მამის ჩუენისაჲ უნაკლოდ მიუთხრა“.

1085 წლიდან იოანე ჭყონდიდელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი დიმიტრის (1080-1090 წწ.) თანაშემწეა - იგი სვინგელოზის პატივითაა დაჯილდოებული.

გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი სვინაქსარის გვიანდელ მინაწერის მიხედვით, დაახლოებით 1110 წლის 3 იანვარს „გარდაიცვალა სულკურთხეული მთავარეპისკოპოსი იოანე ჭყონდიდელი“.