| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი საბაია (საბიანა)
#წმინდათა ცხოვრება ღირსი საბაია (საბიანა), სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი. საქართველო ოდითგანვე ცნობილია ქალის სიწმიდით. საქართველოს დედათა მონასტერში მოღვაწე ქალები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ: გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი მოვალეობა. მონაზონ დედათა სიწმიდეს და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იხრიდნენ მეფე-დედოფალნიც. განდეგილ დედებს აძლევდნენ აღსაზრდელად თავიანთ შვილებს საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები. გიორგი მცირის ცნობით, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირმშო შვილის, თეკლას ღვთისადმი შეწირვა-მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბაიას - „ღირს და წმიდა“ დედაკაცს მიჰგვარეს, რომელიც ამ დროს სამცხის ტაძრის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. წმიდა საბაიამ „შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი და „კეთილად აღზარდა“. შემდეგ ამ მონასტერში მიუყვანიათ 7 წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისისა“. წმიდა საბაიას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (მათე; 12-33). წმიდა საბაიას ღვაწლი განცხადებულია მის წინამძღვრობის დროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში. |